ბახტაძე – ლარის გაუფასურებაზე: "ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ბელადმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეკონომიკაში დადებითი დინამიკა გაჩერებულიყო“

“ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბელადს, ასევე რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, ეს გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო”, – მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეკონომიკის მდგრადი განვითარება ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე პროგნოზირებადი თამაშის წესებს.

„ტურიზმის სექტორი საქართველოში არის ყველაზე სწრაფად ზრდადი, ამასთანავე ეს არის სექტორი, სადაც ინკლუზიურობა, ანუ მოქალაქეების რაოდენობა, რომელიც ჩართულია ამ სექტორში, არის ყველაზე მაღალი. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი ტემპი ტურიზმის ზრდის თვალსაზრისით. 20 ივნისზე შეფასება არაერთხელ გაკეთდა და კიდევ ერთხელ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ეს იყო სამართლიანი და გულწრფელი პროტესტი. პირადად მე და ჩემი გუნდის ყველა წევრი ვუერთდებით იმ სამართლიან პროტესტს, რომელიც ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას და ახალგაზრდებს, რომლებიც 20 ივნისს გამოვიდნენ რუსთაველის გამზირზე. მაგრამ, ეს ავანტიურისტები შეეცადნენ ეს გულწრფელი პროტესტი გამოეყენებინათ თავიანთი ბინძური პოლიტიკური მიზნებისთვის და მიიტანეს შეტევა საქართველოს კონსტიტუციაზე. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეკონომიკის განვითარებაზე, საბაზრო ეკონომიკის მდგრადობაზე, მარტივი კითხვა ხომ უნდა დავსვათ – რას ეფუძნება ეკონომიკის მდგრადი განვითარება? – ეს ეფუძნება სტაბილურობას და პროგნოზირებად გარემოს, ასევე პროგნოზირებადი თამაშის წესებს. ის ნეგატიური ტალღა, რაც ამ ავანტიურისტებმა შექმნეს, ეკონომიკას ეხმარება თუ პირიქით, აფერხებს? – ეს კითხვა შეგიძლიათ დაუსვათ იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ კითხვას სვამენ. თან მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ტურისტულ სექტორზე, რომელიც ყველაზე მზარდი დარგია საქართველოში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 26 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9171 ლარი ეღირება, ერთ ევროს 3.2496 ლარად შეიძენთ

გუშინ ერთი ამერიკული დოლარი 2.9010 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.2343 ლარი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp