ხუხაშვილი – ოქრუაშვილის საქმეზე: "ციკლიდან – “სადიზმიდან მაზოხიზმამდე”

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება კითხვებს უჩენს.  

“ხალვაშის სამხარაულში მისვლის მეორე დღეს ოქრუაშვილის დაჭერის შემდეგ, სულ თვითონ რომ გამოვიდეს და აღიაროს, რომ ხელმოწერა მან გააყალბა, ამას დაიჯერებს ვინმე? ხელისუფლება ავლენს ფანტასტიურ უნარს დამნაშავედ გამოჩნდეს მაშინაც კი, როდესაც შესაძლოა არც არაფერი დაუშავებია. ციკლიდან – “სადიზმიდან მაზოხიზმამდე”,– აცხადებს ხუხაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ 25 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგნიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს. საქმე 20–21 ივნისის მოვლენებს ეხება. თავად ოქრუაშვილი კი მის დაკავებას ერთმნიშვნელოვნად უკავშირებს "რუსთავი 2"–თან დაკავშირებით წამოწყებულ დავას.

შსს–ს ცნობით, ამ დროისთვის „აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში“.

ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ „ინტენსიურად გრძელდება გამოძიება 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით“. 

315–ე მუხლი სახელმწიფო გადატრიალებას და ხელისუფლების ძალადობით დამხობას გულისხმობს, თუმცა ამ ეპიზოდზე ბრალი არავის აქვს წარდგენილი. 

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტმა ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა