რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა ასტრონომიით დაინტერესებულ პატარა მეცნიერს ქაიან ბელქანიას უმასპინძლა

26 ივლისს,  შოთა რუსთაველის საქართველოს  ეროვნულ  სამეცნიერო  ფონდის  გენერალურმა დირექტორმა  ზვიად გაბისონიამ გამორჩეული  ნიჭისა და საბუნებისმეტყველო საგნებით, ასტრონომიით  დაინტერესებულ,   წალენჯიხის  მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეს  -  ქაიან  ბელქანიას საჩუქრად  გადასცა ტელესკოპი და წიგნები  ასტრონომიის  შესახებ.  თუმცა ეს ერთჯერადი აქტი არ იქნება და ფონდი  მეცნიერებით დაინტერესებულ ნიჭიერ  ბავშვს მომავალშიც  გაუწევს  დახმარებას,  ხელს შეუწყობს, რათა გაიფართოვოს ცოდნა; რუსთაველის ფონდი   მას     ასტრონომიის, ასტროფიზიკის სფეროში ფონდის დაფინანსებით  გამოცემულ ყველა   წიგნს აჩუქებს.  სამომავლოდ კი  ფონდი უზრუნველყოფს ნიჭიერი მოსწავლის უფასო წვდომას „ელსევიერის“ საერთაშორისო  სამეცნიერო ბაზაზე, სადაც იგი შეძლებს ყველა საჭირო ინფორმაციის მოძიებას.   ფონდის დირექტორმა  ქაიან ბელქანია ასევე  მოიწვია მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება. 

 შეხვედრას დაესწრო აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი,  პროფესორი მაია თოდუა, რომელმაც  მოსწავლეს გადასცა წიგნი ასტრონომიის შესახებ  და ასწავლა თუ როგორ უნდა მოიხმაროს ტელესკოპი, რათა  შეძლოს დაკვირვება ციურ სხეულებზე. 

რუსთაველის ფონდის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, პრიორიტეტი   მოსწავლე ახალგაზრდებს შორის  მეცნიერების  პოპულარიზაციაა. ამიტომ,  ფონდის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ის  ყოველმხრივ    შეუწყობს ხელს  ნიჭიერ მოსწავლეს,  რომ გაიფართოვოს ცოდნა  ასტრონომიისა  და ასტროფიზიკის სფეროში. 


 
Facebook Twitter Email Viber WhatsApp