როგორ შეაჩერო აგრესია და დაიბრუნო ოკუპირებული ტერიტორიები

რუსი ექსპერტი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი აქვეყნებს მოსაზრებების მოკლე მონახაზს თემაზე, როგორ შეაჩერო აგრესია და დაიბრუნო ოკუპირებული ტერიტორიები. “აქცენტი” მათ ქართულ თარგმანს გთავაზობთ:

“პირველი.

პუტინთან მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს რაღაც სასწაულებრივი გზით ვერ შეაჩერებ.

2008 წელს პუტინის ჯარების საქართველოში შეჭრა ქართული შეიარაღებული ძალების გმირულმა წინააღმდეგობამ, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების რუმინეთსა და თურქეთში არსებულ ბაზებზე გადასროლამ, ხოლო ხომალდების შავ ზღვაში გადაბაზირებამ შეაჩერა.

2014-15 წ.წ. პუტინის ჯარების უკრაინაში შეჭრა დობრობატებისა და ВСУ-ს გმირულმა წინააღმდეგობამ (რაც უკრაინელებს ათასობით მსხვერპლად დაუჯდათ), ასევე  დასავლელი მოკავშირეების სამხედრო დახმარების დაწყებამ  შეაჩერა.

ბალტიის ქვეყნებში პუტინის ჰიბრიდული ოპერაციების მზადება ამ სახელმწიფოებში ნატო-ს ქვედანაყოფების პრევენტიულმა განთავსებამ   შეაჩერა.

მეორე.

პუტინი თავად:

— არ შეწყვეტს სეპარატისტების მხარდაჭერას მოლდოვაში, საქართველოში, უკრაინაში;

— არ გაიყვანს ჯარებს დნესტრისპირეთიდან, აფხაზეთიდან, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, ყირიმიდან, დონბასიდან;

— არ დაუბრუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს მოლდოვას, საქართველოს, უკრაინას.

თანაც, პუტინის თუნდაც ხელისუფლებიდან წასვლა, როგორც ასეთი, ამ თვალსაზრისით არაფერს შეცვლის.

მესამე.

ის, ვინც თვლის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია პუტინისგან შეიძლება, მიღწეულ  იქნას:

— მშვიდობიანი დიპლომატიური მოლაპარაკებებით;

— რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებით (შემოღებით, გამკაცრებით და ა.შ.);

— დასავლეთში პუტინის ან მისი ოლიგარქების აქტივების გაყინვით («მიტაცებული ტრილიონების დაყადაღება»);

— ან სხვა მსგავსი არასამხედრო მოქმედებით,

უბრალოდ ღრმა ილუზიებშია.

პირები, რომელთა აზრით, დასავლეთი (მისი ლიდერები, მთავრობები) მოლდოვას, საქართველოს, უკრაინის ინტერესებისთვის სამხედრო კონფრონტაციაში შევლენ რუსეთთან – თანამედროვე მსოფლიოში ორიდან ერთ უმსხვილეს ბირთვულ დერჟავასთან, მთლად ადექვატურები არ არიან.

მეოთხე.

პუტინისთვის ყირიმის, დონბასის, დნესტრისპირეთისთვის ომს განსაკუთრებული, საკრალური ხასიათი აქვს. მის შეგნებაში სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია ე.წ. "ისტორიულ რუსეთს". ეს არა მარტო უარის თქმაა ისეთი ხალხების არსებობის აღიარებაზე, როგორიცაა უკრაინელები და ბელორუსები, არამედ მის მიერ ამ ომის არა მარტო ტერიტორიებისთვის ომად აღქმა, არამედ წმინდა ომად “მტრული ძალებისთვის” მილიონობით “რუსი მართლმადიდებლის” შეგნების მოსაგებად. ახლა უკრაინული საზოგადოების ყურადღება  უმთავრესად დონბასისკენაა მიპყრობილი და უკვე ბევრად ნაკლებად ყირიმისკენ. პუტინს კი თავში არა დონბასი ან ყირიმი, არამედ დნესტრისპირეთი უზის დნესტრამდე და მთელი უკრაინა ზბრუჩამდე.

ღრმად ცდება, ვინც თვლის, რომ პუტინის მოქმედების მთავარი (ერთადერთი) მოტივი მილიარდობით დოლარია, რომლის სანაცვლოდ იგი ოკუპირებულ ტერიტორიებს დათმობს.

მეხუთე.

“ისტორიული რუსეთისა” და მისი საზღვრების შესახებ პუტინის წარმოდგენებს მისთვის ჭეშმარიტად “ტანჯვაგამოვლილი” ხასიათი აქვს. ისინი ცარიელ ადგილზე და გუშინ არ წარმოქმნილა. და ის მათზე უარს არც ფულის სანაცვლოდ იტყვის, არც სანქციების გამო.

ჯერ კიდევ ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე პუტინი შეეცადა, დაერწმუნებინა აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომ უკრაინა, როგორც სახელმწიფო, უბრალო გაუგებრობაა და მისი ტერიტორიის ნახევარი რუსეთს ეკუთვნის. ეს 2008 წლის აპრილში იყო. 2012 წლის იანვარში იგი უკვე წერდა «დიდი რუსეთის» და XVIII საუკუნის ბოლოსთვის მისი საზღვრების შესახებ. 2019 წლის მაისში კი მან მოსკოვში, წითელ მოედანზე, სამხედრო აღლუმზე ჯარებს "ისტორიული რუსეთის" შესახებ განუცხადა.


2019 წლის 9 მაისს ჯარის წინაშე პუტინის ეს გამოსვლა ძალზე ჰგავს 1941 წლის 5 მაისს სამხედრო აკადემიების კურსდამთავრებულთა წინაშე სტალინის სიტყვას: “დროა, თავი დავანებოთ თავდაცვით ლოზუნგებს, რომელიც მოძველდა და მათი მეშვეობით უკვე შეუძლებელია მიწის თუნდაც ერთი გოჯის მოპოვება. წითელი არმია უნდა შეეჩვიოს აზრს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკის ერა დასრულებულია და დაწყებულია სოციალისტური ფრონტის ძალისმიერი გაფართოების ეპოქა. ის, ვინც ვერ აცნობიერებს შემტევი მოქმედების აუცილებლობას, ან ობივატელია, ან ბეცი”.

მას, ვინც თვლის, რომ პუტინი მზადაა, დაპყრობილი ტერიტორიებით “ივაჭროს” მაშინ, როცა მან დე ფაქტოდ უხმო ჯარებს “ისტორიული რუსეთის” ტერიტორიების “განმათავისუფლებელი ლაშქრობისთვის», უბრალოდ არ ესმის შემტევი მოქმედების აუცილებლობა (და შემდეგ – ზემოთ ციტირებული სტალინური ტექსტის მიხედვით).

მეექვსე.

მოლდოვა, საქართველო, უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს მხოლოდ ერთი გზით დაიბრუნებენ. სწორედ იმ გზით, რომლითაც ისინი წაართვეს. ანუ სამხედრო გზით. სხვა გზა არ არსებობს.

მეშვიდე.

შეუძლიათ თუ არა მათ ტერიტორიების დაბრუნება დღეს (უახლოეს მომავალში)? ნებისმიერი ადექვატური ადამიანისთვის, რომელიც ბოლო წლების მოვლენებს იცნობს, ამ კითხვაზე პასუხი ცალსახაა: არა. დღეს ამას ვერც მოლდოვა შეძლებს, ვერც საქართველო, ვერც უკრაინა. მიზეზი სრულიად ნათელია – ძალთა თანაფარდობა.

ამის აღიარება შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონდეს, მაგრამ ეს ცხოვრებისეული ფაქტია. შეიარაღებული ძალების, ეკონომიკის, სახელმწიფო აპარატის ამჟამინდელი მდგომარეობით, მძლავრი მოკავშირეების ამჟამინდელი არარსებობით ამ ქვეყნებს ტერიტორიების დაბრუნება არ ძალუძთ. მოლდოვური, ქართული, უკრაინული საზოგადოებების პოლიტიკურ კლასებში სადღეისოდ არსებული განხეთქილებების პირობებში ეს შეუძლებელია. ბუნებრივია, შიდა მწვავე დავებით დასუსტებული მოლდოვა, საქართველო, უკრაინა იდეალური პარტნიორები მსხვერპლები არიან პუტინითვის.

მერვე.

როდის არის შესაძლებელი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება? და როგორია სტრატეგია, რომლითაც ეს საკითხი  შეიძლება, გადაიჭრას?

ემოციები რომ გვერდზე გადავდოთ, იმისათვის, რომ დაიწყონ მაინც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხის თუნდაც ოდნავ რეალისტურ ჭრილში განხილვა, მოლდოვა, საქართველო, უკრაინა უნდა შეიცვალონ:

— გახდნენ შეუდარებლად უფრო ძლიერები ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო  თვალსაზრისით;

— გაუჩნდეთ ჭეშმარიტი ძლიერი მოკავშირეები, რომლებიც იზიარებენ მათ პოზიციას და მხარს უჭერენ მათ;

— ამასთან, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ კონფლიქტში მათი გამარჯვების შემდეგ.

მეცხრე.

არსებობს თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ისტორიული მაგალითები? და როგორია ისინი?

1871 წელს ფრანკო-პრუსიის ომში გამარჯვების შემდეგ გერმანიამ საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია წაართვა. ფრანგებმა ეს პროვინციები დაიბრუნეს:

— 4,5 ათწლეულის შემდეგ;

— ძალით – პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად;

— იმ დროის უმძლავრესი მოკავშირეების – ბრიტანეთის იმპერიის, რუსეთის იმპერიის, აშშ-ის დახმარებით.

20 წელიწადში გერმანიამ ისევ წაიღო ელზასი და ლოტარინგია. საფრანგეთმა ისინი ისევ დაიბრუნა:

— 5 წელიწადში;

— ძალით – მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად;

— იმ დროის უმძლავრესი მოკავშირეების – ბრიტანეთის იმპერიის, აშშ-ის, სსრკ-ის დახმარებით.

1949 წელს გერმანია აღმოსავლეთად და დასავლეთად გაიყო. შეეძლო თუ არა მაშინ დასავლეთ გერმანიას, სსრკ-ისთვის ქვეყნის აღმოსავლეთი მოეგო? პასუხი ნათელია - არა. თუმცა დასავლეთ გერმანიამ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილთან გაერთიანება შეძლო:

— 40-ზე მეტი წლის შემდეგ;

— მესამე მსოფლიო (“ცივ”) ომში დასავლეთის გამარჯვების შედეგად;

— იმ დროის უმძლავრესი მოკავშირეების – აშშ-ის, ბრიტანეთის, საფრანგეთის დახმარებით;

— “ცივ” ომში დამარცხებული სსრკ-ის თანხმობით.

მეათე.

წამყვანი ევროპული სახელმწიფოების აქ მოყვანილი ისტორიული მაგალილთები გვიჩვენებს, რა ინგრედიენტებია აუცილებელი დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად:

— სტრატეგიული თმენა (Х წელი), ტერიტორიების დაბრუნების პროექტი არ უნდა დაიგეგმოს არც ერთი, არც ხუთი წლით;

— სხვა შეიარაღებული ძალები, სხვა ეკონომიკა, სხვა სახელმწიფო;

— გამარჯვება ომში, თუნდაც მას “ცივი” ან “ჰიბრიდული” ერქვას;

— უმძლავრესი მოკავშირეების დახმარება;

— დამარცხებული აგრესორის თანხმობა.

და ბოლოს, აგრესიის წინა შემთხვევებზე დაკვირვება მოწმობს, რომ პუტინი ამჯობინებს თავდასხმას სუსტებზე, მათზე, ვისაც თავის დაცვა უჭირს, ვისაც არ ჰყავს მოკავშირეები, რომლებიც აუცილებლად დაეხმარებიან. სწორედ ასე უწევდა იგი წინააღმდეგობას მოლდოვას  გაერთიანებას, სწორედ ასე ესხმოდა თავს საქართველოსა და უკრაინას, რომლებიც ნატო-ს წევრები არ იყვნენ. როგორც ცნობილია, ნატო-ს წევრებს თავს არა მარტო პუტინი არ ესხმოდა. მათ არ ესხმოდნენ არც ანდროპოვი, არც ბრეჟნევი, არც ხრუშჩოვი, სტალინიც კი. ამიტომაც თანამედროვე მსოფლიოში ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონის უზრუნველყოფის საუკეთესო გზა – ეს ნატო-ში გაწევრიანებაა.

ეს ტექსტი არ უნდა იქნას განხილული არც როგორც რჩევა, არც როგორც რეცეპტი, არც როგორც რეკომენდაცია ვინმეს მოქმედებისათვის, არც როგორც საავტორო პროგნოზი იმისა, რაც აუცილებლად მოხდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ობიექტური ანალიზია იმ ქვეყნების მდგომარეობისა, რომელთა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ოკუპირებულ იქნა, ასევე იდენტიფიკაცია საბაზისო პირობებისა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია მათი დეოკუპაციისთვის”.

წყარო: LiveJournal



ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)