ერდოღანი – ვაშინგტონს: „არ აპირებთ F-35–ების მოცემას? კარგი, ჩვენ ავიაგამანადგურებლებს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შევიძენთ“

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თუ აშშ ანკარას ამერიკული წარმოების F-35 ტიპის ავიაგამანადგურებელებს არ მიჰყიდის, ანკარა ავიაგამანადგურებლებს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შეიძენს.

„არ აპირებთ F-35–ების მოცემას? კარგი, ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ, ჩვენ  ამ შემთხვევაში  საჭირო ზომები უნდა მივიღოთ. ჩვენ ავიაგამანადგურებლებს ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შევიძენთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ–ის მთავრობა „გონივრულად“ იმოქმედებს და თურქეთს რუსული წარმოების სარაკეტო სისტემა S-400–ების შეძენის გამო სანქციებს არ დაუწესებს.

„თუ მსგავსი რამ მოხდა, ჩვენ საპასუხო ზომებს მივიღებთ“, – დასძინა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თურქეთი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებას 2020 წლის აპრილიდან დაიწყებს. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის "როსტექნოლოგიამ" თურქეთს რუსული SU-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენა შესთავაზა.  თუმცა როგორ გუშინ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, აღნიშნულ საკითხზე ანკარასა და მოსკოვს შორის ამ ეტაპზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში განხორციელებულიყო.

იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო

აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურდა. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. 18 ივლისს ვაშინგტონმა ანკარა F-35–ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა. აშშ შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პენტაგონმა თურქ პილოტებს აუკრძალა წვრთნები F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც ანკარამ ვაშინგტონს დაუკვეთა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
შსს მშობლებს მიმართავს