ერდოღანი – ვაშინგტონს: „თუ ასე გააგრძელებთ, მოგვიწევს, 100 ამერიკული ბოინგის შესყიდვის საკითხსაც გადავხედოთ“

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარამ შესაძლოა, 100 ამერიკული ბოინგის შესყიდვის საკითხს გადახედოს.

„იმ შემთხვევაშიც კი თუ აშშ ჩვენ F-35–ებს არ მოგვცემს, ჩვენ მაინც ვაპირებთ, შევიძინოთ 100 ამერიკული ბოინგი. შეთანხმება ამერიკულ მხარესთან უკვე გაფორმებული გვაქვს. ამჟამად ერთი ბოინგი უკვე გამოგვიგზავნეს და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გარიგების პირობების შესრულებასა და თანხის გადახდას. ჩვენ პატიოსანი მომხმარებლები ვართ, მაგრამ თუ ვაშინგტონის განწყობა ჩვენს მიმართ იგივენაირად გაგრძელდება, რასაც ახლა აქვს ადგილი, ჩვენ იძულებულები ვიქნებით, ბოინგების შესყიდვის საკითხსაც გადავხედოთ“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის სარაკეტო სისტემა S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში განხორციელებულიყო.

იხილეთ ასევე: თურქეთმა რუსული S-400-ების კომპონენტების პირველი პარტია მიიღო

აღსანიშნავია, რომ თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურდა. თუმცა თურქეთის მიერ რუსეთისთვის საზენიტო, სარაკეტო სისტემის დაკვეთა ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის მიზეზად იქცა. 18 ივლისს ვაშინგტონმა ანკარა F-35–ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა. აშშ შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება. აშშ-ში აცხადებენ, რომ თურქეთს, როგორც NATO-ს წევრ სახელმწიფოს, არ შეუძლია, ერთდროულად აწარმოოს სამხედრო თანამშრომლობა ამერიკასთანაც და რუსეთთანაც. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში პენტაგონმა თურქ პილოტებს აუკრძალა წვრთნები F-35 ტიპის გამანადგურებლებზე, რომლებიც ანკარამ ვაშინგტონს დაუკვეთა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას უმასპინძლა