ხაზარაძე და ჯაფარიძე ანაკლიის მმართველი საბჭოში თანამდებობებს ტოვებენ

TBC ბანკის დამფუძნებლები ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმში თანამდებობების დატოვებას გეგმავენ. ამის შესახებ ხაზარაძემ სასამართლოში განაცხადა, სადაც მოსამართლე მისთვის და მისი პარტნიორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის გირაოს სახით თითო–თითო მილიონი ლარის შეფარდებას ითხოვს.  

ხაზარაის თქმით, შექმნილ ვითარებაში ინვესტორ ბანკებთან მოლაპარაკება შეუძლებელია და გადაწყვეტილება მან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და ამ პორტის ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით მიიღო.    

"იქიდან გამომდინარე, რომ ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი – შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, პოლიტიკური ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამოდ, კარიბჭედ დაფიქსირება ევროპასა და აზიას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომელთანაც თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ისევ ქაოსში ჩაგვაგდეს, რაც აბსოლუტურად გაუგებარია, მივიღეთ გადაწყვეტილება. მთავრობა ერთის მხრივ აცხადებს, რომ მხარს უჭერს პროექტს და მეორეს მხრივ, პირდაპირ ამ პროექტს ღიად ებრძვის. ის ფაქტი, რაც მათ ქართულ ეკონომიკას ორი დღის გამავლობაში ორი მილიონი ლარის სანაცვლოდ მიაყენეს, ეს დანაშაულია და დადგება დრო, როცა ამაზე აგებენ პასუხს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მე და ბადრიმ გადავწყვიტეთ, რომ მომავალ კვირას გვექნება პრესკონფერენცია: შევცვლით ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოს, გადავიწევით უკანა პლანზე, მე ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას და ბადრი თავმჯდომარის მოადგილეობას, რომ დამთავრდეს სპეკულაცია, რომ ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ პროექტი არ გაჩერდეს და შემდეგ ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ თქვენს გამო სასიცოცხლო პროექტი გაჩერდა. შეუძლებელია, ბანკებს 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ელაპარაკო და პროკურატურა ყოველ დღე სახალხოდ გადებდეს ასეთ ბრალდებებს",– განაცხადა ხაზარაძემ. 

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp