პროკურორო ორი მილიონის მოთხოვნის მოტივად ბიზნესმენების ფინანსურ მდგომარეობას ასახელებს

სახელმწიფო ბრალდება TBC–ს დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის გირაოს სახით მილიონი ლარის შეფარდების მოთხოვნას ბიზნესმენების ფინანსურ მდგომარეობას უკავშირებს. 

„ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ. გირაოს ოდენობად ვითხოვთ მილიონ ლარს თითოეულის შემთხვევაში. ასევე გვაქვს მოთხოვნა, რომ აღნიშნულ პირებს აეკრძალოთ საქართველოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებისას მხედველობაში მიიღება ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობა. აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის იმ საფუძვლებით, რა საფუძვლებიც სასამართლოსთვის გვაქვს ჩამოთვლილი ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ მილიონი ლარი თითოეულისთვის შემაკავებელი ხასიათის იქნებოდა აღკვეთის ღინისძიების მიზნებისთვის", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, ასევე ეროვნული ბანკისა და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დასკვნა, წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის, საბანკო ამონაწერები, გადარიცხვები.

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თამილა ლაფანაშვილმა ოს ხალხს მიმართა:"მჯერა, გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით ისევ მოგვარდება"