ბიზნესომბუდსმენი ეროვნულ ბანკს ლარის კურსის თაობაზე დაკავშირებით ბიზნესთან კომუნიკაციისკენ მოუწოდებს

დღეს ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა არის ლარის კურსის მერყეობა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გარშემო ნეგატიური მოლოდინებით არის განპირობებული, – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დოლართან მიმართებაში ლარის მკვეთრ გაუფასურებას.

„ნეგატიურ მოლოდინებს ბიზნესსა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში თავისი საფუძველი აქვს. მთავარი მაინც არის რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა და მისი ნეგატიური გავლენა სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიაზე. ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევა და გარკვეული ჯგუფების მხრიდან აჟიოტაჟის შექმნა“, – ამბობს ლექვინაძე.

ვის გულისხმობს ბიზნესომბუდსმენი გარკვეულ ჯგუფებში და ადანაშაულებს თუ არა ოპოზიციას აჟიოტაჟის შექმნაში, ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ ის რაც მოქმედებს პოლიტიკურ სტაბილურობაზე და ნეგატიური პროცესის ხელოვნურად კიდევ უფრო მეტად გაღვივებაზე ბიზნესგარემოს აზიანებს.

„ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სიცხადე გრძელვადიან პროცესში. საჭიროა, მეტი კომუნიკაცია, რომ ბიზნესს დავანახოთ გრძელვადიანი პერსპექტივა. მნიშვნელოვანი და საჭიროა უფრო მეტი კომუნიკაციის ხარისხი ეროვნული ბანკის მხრიდან შესაბამის ბიზნეს სუბიექტებთან, რათა ნეგატიური მოლოდინების როლი კურსის ფორმირებისას შემცირდეს“, – ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

ცნობისთვის: ლარი რეკორდულად გაუფასურდა.  ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.9321 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.2637 ლარად შეიძენთ.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.9171 ლარი ღირდა, ერთი ევრო – 3.2496 ლარი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp