"პროკურატურა ხაზარაძეს და ჯაფარიძეს საქმიანობას უკრძალავს"

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის შეფასებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა მათთვის საქმიანობის აკრძალვას ნიშნავს. განცხადება ადვოკატმა სასამართლო პროცესზე გააკეთა, რომელზეც ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილება. პროკურატურა ბრალდებულებისთვის მილიონ – მილიონ ლარის შეფარდებას და საზღვარგარეთ საგამოძიებო ორგანოს ნებართვის გარეშე გამგზავრების აკრძალვას ითხოვს. 

ადვოკატის განმარტებით, პროცესით საბოლოო ჯამში TBC ბანკი დაზარალდება, ხოლო ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება საზღვარგარეთ გადაადგილების გარეშე წარმოუდგენელია. 

„როცა პროკურატურა ითხოვს, რომ საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვარგარეთ გადაადგილება უნდა აეკრძალოთ, ეს ნიშნავს, იმას რომ მათ საქმიანობას უკრძალავს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა