სააკაშვილი ბახტაძეს პასუხობს: „ლარის კურსის ვარდნა ქურდობამ იცის და ქურდების ადგილი ციხეშია“

საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ლარის კურსის ვარდნა ქურდობამ იცის“.

“პრემიერ–მინისტრმა გამოაცხადა, რომ თურმე ლარის გაუფასურება არის მიტინგებისა და ოპოზიციის აქტიურობის დამსახურება. კი მაგრამ, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, მაშინ, როცა სულ გვარყევდნენ, სულ მიტინგებს გვიწყობდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის, ერთი-ორჯერ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო და მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვვითარდებოდით. უნდა ვუთხრა [ბიძინა] ივანიშვილს და მის შნირებს: ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა და ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება, ქურდობამ და თქვენ ხართ ქურდები. და ქურდები უნდა მოშორდეთ. და მოშორდეთ სადღაც კი არა, მოშორდეთ ციხეში პირდაპირ. მე მინდა, გავიმეორო ისევ, ქურდების ადგილი არის ციხეში. თქვენისთანა დიდი ქურდების ადგილი კი, დიდი ხნით ციხეში“, – აცხადებს სააკაშვილი.

ცნობისთვის: პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე ლარის კურსის გაუფასურებაში "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

“ავანტიურისტებმა, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ბელადს, ასევე რაც ვნახეთ ბოლო თვეების განმავლობაში, გააკეთეს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს დადებითი დინამიკა, რაც ჩვენ გვქონდა ეკონომიკაში, ეს გაჩერებულიყო და გამხდარიყო დიდი ნეგატივის წყარო”, – განაცხადა ბახტაძემ ეროვნულ ვალუტის გაუფასურებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. 

ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.9321 ლარი იქნება, ხოლო ერთ ევროს 3.2637 ლარად შეიძენთ.

დღეს ერთი ამერიკული დოლარი 2.9171 ლარი ღირს, ერთი ევრო – 3.2496 ლარი. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp