ორთაჭალაში განთავსებული მე-12 პენიტენციური დაწესებულება დაიხურა

23 თებერვალს მე-12 პენიტენციური დაწესებულება რუსთავში, მშენებელთა ქ. N60 თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობაში განთავსდა. დაწესებულების 248 პატიმრის ეტაპირება შაბათს  08:00 საათზე დაიწყო და 21:00 საათზე დასრულდა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ახალი პენიტენციური დაწესებულება მე-16 დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ, 309 პირზე გათვლილ კორპუსში განთავსდა, რომელიც მე-16 დაწესებულებისგან არის გამიჯნული.

"ახალი დაწესებულების მოსაწყობად სამუშაოები 2017 წელს დაიწყო, ჩატარდა შენობის რეაბილიტაცია. 2018 წელს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანების შემდეგ შენობაში ვიდეოსამეთვალყურეო კამერები დამონტაჟდა (132 კამერა), კეთილმოეწყო დაწესებულების სასადილო, რომელიც თანამედროვე აპარატურით, შესაბამისი ავეჯითა და ინვენტარით (ქვაბები, ღუმელი, თაროები, ნიჟარები, ხორცსაკეპი მანქანა, მაცივრები და სხვა) აღიჭურვა. სასადილოს ერთდროულად 300 ადამიანის მომსახურება შეუძლია.  დაწესებულების მაღაზია სრულად აღიჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით (თაროები, სათავსოები, მაცივრები და სხვა) და კეთილმოეწყო მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია. მოეწყო სამი საგამოძიებო ოთახი, ასევე ყველა ოთახი შესაბამისი საოფისე და სხვა ინვენტარით აღიჭურვა. მსჯავრდებულებისთვის გამოყოფილ საერთო სივრცეებში დამონტაჟდა ტელევიზორები.

მე-12 დაწესებულების ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაში იყო, რის გამოც მასში განთავსებულ პატიმრებს რთულ პირობებში უწევდათ სასჯელის მოხდა. კერძოდ, შენობა იყო ბარაკული ტიპის, საკნების დიდ ნაწილს არ ჰქონდა საპირფარეშო (რამდენიმე საკანში განთავსებულ მსჯავრდებულს საერთო საპირფარეშოთი სარგებლობა უწევდა), არ არსებობდა სასადილო, რის გამოც პატიმრები საკნებში იკვებებოდნენ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ციხის ადმინისტრაცია შენობაში სანიტარულ - ჰიგიენური ნორმების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა. სამედიცინო ნაწილი ორ ოთახში იყო განთავსებული, რის გამოც მედპერსონალი მსჯავრდებულებს სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ უწევდა. ასევე მძიმე მდგომარეობაში იყო ბიბლიოთეკა და პაემნების ოთახები.

შენობა, სადაც მე-12 დაწესებულება განთავსდა, ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. დაწესებულება არის დახურული და ნახევრადღია ტიპის, ოთხ პირზე გათვლილი საკნებით. შენობაში არის დეესკალაციის 5 საკანი, განმარტოების 4 საკანი, შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებული ორი საკანი (ოთხკაციანი), მოწყობილია სასტუმროს ტიპის 10 ნომერი ხანგრძლივი პაემნებისთვის, ხანმოკლე პაემნების სივრცე ისე არის მოწყობილი, რომ  პაემნები მინის ბარიერის გარეშე ჩატარდება. დაწესებულების ტერიტორიაზე არის სპორტული მოედანი, სავარჯიშო მოედანი. ცალკე შენობაშია განთავსებული სამედიცინო ნაწილი, რომელშიც ფუნქციონირებს აფთიაქი, „C“ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ოთახი, ხელმისაწვდომია სტომატოლოგიური მომსახურება, ელექტროკარდიოგრაფია, ულტრასონოგრაფია და ფიზიოთერაპიული პროცედურები. ასევე უახლოეს მომავალში მოეწყობა რენტგენის ოთახი და დამონტაჟდება ცენტრალური სასტერილიზაციო, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტიპის სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით.

ვინაიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი არის პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია, მიმდინარე რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ციხეების მშენებლობის პროცესში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პენიტენციურ დაწესებულებებში რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის სათანადო სივრცის შექმნას. შესაბამისად, მე-12 დაწესებულების ახალ შენობაში დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე იქნება განთავსებული სპეციალური სივრცეები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებისთვის (რაც დაწესებულების ძველ შენობაში საერთოდ არ არსებობდა), ასევე 100 კვ/მ ფართობის ბიბლიოთეკა. მოწყობილი იქნება სპეციალური სივრცეები სხვადასხვა სახის ინდივიდუალური საქმიანობისთვის (ხეზე კვეთა და ა.შ.)", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
"შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში"