ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენელი: „დააკავეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი“

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“  წარმომადგენლის თეონა ჭალიძის განცხადებით, დაკავებულია მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი.

„დააკავეს მლხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით. ეს ახალგაზრდა თემირლანის სიკვდილის შემდეგ შვილივით ჰყავს ვახას და გვერდიდან არ იშორებს. ასე ცდილობენ შური იძიონ მალხაზ მაჩალიკაშვილზე!“, – წერს ჭალიძე სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით მალხაზ მაჩალიკაშვილმაც დაადსტურა, რომ შსს-ს მიერ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებული ორი პირიდან, ერთ-ერთი მისი ძმისშვილია. 

„ამ წუთას შემატყობინეს, ჩემი ალალი ძმისშვილი, რომელიც მყავს ჩემი უდანაშაულოდ მძინარე საწოლში მოკლული თემირლანის ადგილას, ამ ბოროტი სისტემის მიერ იქნა დაკავებული. ედავებიან 225 მეორე ნაწილს. ძალიან ცუდად იქცევით დღევანდელი ნაძირალა სისტემა“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით თბილისში, პარლამენტთან აქციას 11 თვეა, მართავს. 

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა