ხაზარაძე: "ქვეყანას ერთი კაცი მართავს...ეს დამთავრდება"

TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანას ერთი პირი მართავს, რომელსაც ძალიან ცუდი შემსრულებლები ჰყავს. 

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, დღეს საკუთარი თვალით ნახა, რომ ქვეყანა ჭაობშია, ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს და მათ თავიდან სჭირდებათ აშენება. 

"აქამდე სასამართლოსთან საქმე არ მქონია. კარგად დავინახე, რა ჭაობშია ქვეყანა. აქამდე შეკავებული ვიყავი შეფასებებში, რადგან ჩემს უკან ათასობით ადამიანი: დეპოზიტარები, თანამშრომლები დგანან. პროკურატურის მხრიდან დავინახე  უცოდინარობის პიკი. როდესაც ერთ–ერთ გოგონას პროკურატურიდან შეუძლია, რომ საქართველოს ეკონომიკას 5–წუთიანი ბრიფინგით გამოუსვას ცელი და ამაზე მას და მის ხელმძღვაელებს პასუხს არავინ სთხოვს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს, ინსტიტუციები მოშლილი გვაქვს. ინსტიტუციები თავიდან არის ასაშენებელი. ერთი კვირის წინ გამოვაცხადე საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება, რომელიც იქნება ძალიან აქტიური, ფართომასშტაბიანი და მის გეგმებს მალე გაიგებთ. აქ იქნება ახალი თაობა, ძალა, რომელსაც უყვარს საქართველო, თავისუფლებისთვის იბრძვის, ებრძვის ოკუპაციას, არ უნდა რუსული ორიენტაცია, უნდა, რომ საქართველო შედგეს წარმატებულ ქვეყნად, რომ კლანურ, ერთპიროვნულ მმართველობას არ ჰქონდეს ადგილი. დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. თქვენ იცით ვინ არის დირიჟორი, რომელსაც ძალიან ცუდი შემსრულებლები ჰყავს. 

ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე. პიროვნულად კი არ მაქვს ბოღმა ჩადებული გულში, მე ბრძოლას გავაგრძელებ იმისთვის, რომ ეს ჭაობი შეიცვალოს ... ეს სისტემა ძალიან მალე შეიცვლება. მოტყუებული ხალხი, რომლებმაც ვიფიქრეთ, რომ 2012 წელს რაღაც შეიცვალა, მეორე უკიდურესობა მივიღეთ. ჩვენ ორი უკიდურესობის მსხვერპლი აღმოვჩნდით. ეს დამთავრდება",– განაცხადა ხაზარაძემ. 

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდეს. სახელმწიფო ბრალდება ორივე ბრალდებულისთვის ჯამში 2 მილიონის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნილი თანხა 30%–ით შეამცირა. ამასთან, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულებისთვის გარკვეული შეზღუდვების დაწესების თაობაზე. კერძოდ, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს აეკრძალათ ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. 

გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს დაცვის მხარე და აცხადებს, რომ ზედა ისტანციაში გაასაჩივრებს. 

"გადავდივართ რეჟიმში, რომელშიც ჩვენ უპირობოდ დავადასტურებთ ჩვენს სიმართლეს, რადგან დღევანდელ პროცესზე დადასტურდა, რომ მტკიცებულება არ არსებობს. ამასთან, პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქმეს დაზარალებული არ ჰყავს და არც ეყოლება",– განაცხადა ადვოკატმა. 

წინასასამართლო სხდომა კი 12 სექტემბერს გაიმართება. 

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ოკუპანტების მიერ დაკავებული ოთხი მოქალაქიდან სამს ჯარიმა შეუფარდეს, ერთის მიმართ კი სს საქმე აღძრეს