ოქრუაშვილი საპატიმროდან წერილს აგზავნის: "ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას"

პოლიტიკური პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი საპატიმროდან წერილს აგზავნის და აცხადებს, რომ "ციხიდან არანაკლებ გააგრძელებს ივანიშვილის ხელისუფლების ნგრევას". 

წერილი მისმა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განასაჯაროვა.

„ივანიშვილის ხელისუფლებიდან მოშორებისთვის თუ საჭიროა ციხეში ვიჯდე, ვიჯდები იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც მომიწევს. ციხიდან არანაკლებ გავაგრძელებ მისი ხელისუფლების ნგრევას და არ დავუთმობ არც „რუსთავი 2“ -ს და ვერც სხვა საქმეებზე გამაჩერებს“, – წერს ოქრუაშვილი.



შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით 25 ივლისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6 - დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იხილეთ ასევე: შსს ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებია ასახული [ვიდეო]

რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp