DENTONS ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე: "ვიმედოვნებთ, სასამართლო გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს და დროულად დაადასტურებს ჩვენი კლიენტების უდანაშაულობას"

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იურიდიული კომპანია „დენტონს" (DENTONS) იმედოვნებს, რომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით "სასამართლო გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციასა და არგუმენტებს და დროულად დაადასტურებს მათი კლიენტების უდანაშაულობას".

როგორც "აქცენტს" კომპანიაში განუცხადეს, "პროფესიულ მხარდაჭერას თიბისი ბანკის დამფუძნებლებს - მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს  მათ წინააღმდეგ აღძრულ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე, სწორედ "დენტონს" უწევს". 

"აღნიშნულ პროცესში ასევე ჩართულები არიან ჩვენი კოლეგები დენტონსის ლონდონის ოფისიდან, რათა მათ თავისი საერთაშორისო, მრავალწლიანი გამოცდილებითა და ცოდნით წვლილი შეიტანონ ჩვენი კლიენტების დაცვის საქმეში. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციასა და არგუმენტებს და დროულად დაადასტურებს ჩვენი კლიენტების უდანაშაულობას" - განუცხადეს "აქცენტს" კომპანიაში.


ცნობისთვის: დღეს [26 ივლისს] საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე. 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp