ეროვნული ბანკი: "განვითარებული მოვლენები "თიბისი ბანკის" ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს“

საქართველოს ეროვნული ბანკი ბოლო დროს  განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე დადებითად აფასებს "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი აქციონერების [მამიკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის] გადაწყვეტილებას, დატოვონ დაკავებული თანამდებობები TBC Bank Group PLC-ის სამეთვალყურეო საბჭოში ("თიბისი ბანკის" 100%-იანი აქციონერი ლონდონში),  – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "თიბისი ბანკი" ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა. ის ძლიერი და მდგრადი ფინანსური ინსტიტუტია. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მიმდინარე წლის აპრილიდან აღარ არიან უშუალოდ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და განვითარებული მოვლენები ბანკის ოპერაციებზე გავლენას არ მოახდენს“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში, რომელიც 25 ივლისს დატოვეს. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს