რუსეთ-საქართველოს შორის ერთჯერადი, არარეგულარული ფრენები ისევ ხორციელდება

რუსეთ-საქართველოს შორის ერთჯერადი, არარეგულარული ფრენები ისევ ხორციელდება, – იუწყება "პირველი არხი".

მისივე ცნობით,  25 ივლისს მოსკოვიდან თბილისში კერძო თვითმფრინავი, ფრანგული წარმოების Dassault Falcon 2000 ჩამოფრინდა.

როგორც "პირველი არხს" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს, ფრენა (ე.წ. business flight) რუსეთის საავიაციო ხელისუფლების ნებართვით შესრულდა. 

„თვითმფრინავი რეგისტრირებულია მანის კუნძულებზე (Isle of Man) და არ იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

უწყებაში მიუთითებენ, რომ მიმდინარე წლის 8 ივლისიდან, ქართული და რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აკრძალვაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ცალმხრივად, რუსეთის ფედერაციის მიერ.

„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ არც ქართულ და არც რუსულ ავიაკომპანიებზე ნებართვები არ გაუქმებულა. რაც შეეხება არარეგულარულ ერთჯერად ფრენებს, სააგენტო მოქმედებს „საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოთა წარმოებისა და/ან არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2007 წლის 19 სექტემბრის N196 დადგენილების სრული დაცვით“, – განუცხადეს საქართველოს "პირველ არხს" უწყებაში.

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსეთის ხელისუფლებამ რუსი დეპუტატების მიმართ გამოხატული პროტესტი “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp