მაჩალიკაშვილი – ხელისუფლებას: „ნუ შეეცდებით, მდგომარეობიდან ბოლომდე გამომიყვანოთ, მთელი ჩემი ოჯახი რომ ამობუგოთ, ვერ გამტეხთ“

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს, დროულად გაათავისუფლონ 20–21 ივნისის მოვლენების საქმესთან დაკავშირებით დაკავებული მისი ძმისშვილი.

„თხოვნით მივმართავ დღევანდელ ხელისუფლებას: ნუ შეეცდებით ბოლომდე მდგომარეობიდან გამომიყვანოთ. რაც ჩაიდინეთ სისხლიანი დანაშაული, ჯერ იქ გამეცით პასუხი, ის ადამიანები დასაჯეთ, მის მერე თუ გინდათ მე დამსაჯეთ, ვინც გინდათ ის. ახალგაზრდა ბავშვი, რომელიც თემირლანის ადგილას მყავს, ის გამოუშვით და მე დამაკავეთ, არ არის ის დამნაშავე.  კადრები არ მინახავს, მაგრამ იმ დღეს აქ რაც ხდებოდა ყველაფერს ვხედავდი. ყველა ის ადამიანი, ვინც აქ იყო მოსული 20 ივნისს, ამ ამბით შოკში იყო, ზოგმა არ იცოდა რას აკეთებდა და იყო ყველა ერთიანად გამწარებული. ჰუსეინის [მორისის] დაკავებით დღეს ცდილობენ, რომ წელში გამტეხონ, ჰუსეინი კი არა, მთელი ჩემი ოჯახი რომ ამობუგონ, ვერ გამტეხენ. იმედი მაქვს, დღეს მორის მაჩალიკაშვილს გაათავისუფლებენ. თუ არ გაათავისუფლებენ, დიდ შეცდომას უშვებენ. ამას ექნება ძალიან ცუდი დასასრული”,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით თბილისში, პარლამენტთან აქციას 11 თვეა, მართავს.

შეგახსენებთ, რომ შსს–მ 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავა. გუშინ მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. 

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა