"რუსთავი 2"–ის ყოფილი მფლობელები: "ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელები ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, "დანებების უფლება არ აქვთ და ბრძოლა გამარჯვებამდე გაგრძელდება". 

ისინი მოუწოდებენ “ყველა პოტენციურ შემძენს, თავი შეიკავოს სადავო ქონების დაუფლებისაგან, რადგან ისინი ჩაითვლებიან არაკეთილსინდისიერ შემძენებად“.

“არ დავმალავთ, რომ როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიული მომავალი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენც შოკირებული ვიყავით სტრასბურგის მოსამართლეთა ჩვენთვის აუხსნელი გადაწყვეტილებით – გადაწყვეტილებით, რომელიც შერჩევითად ციტირებს მტკიცებულებებს, არ მსჯელობს საკვანძო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (როგორიცაა ჩვენი კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი) და ამბობს, რომ ის, რაც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, არ ყოფილა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ “რუსთავი 2-ელს” – საუკეთესო გუნდს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე იდგა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფრონტის ხაზზე და, უდიდესი ზეწოლის ფონზე, ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა გვარამიას, რომელიც ამ ბრძოლაში მართლაც ცენტრალური ფიგურა იყო.

მაგრამ ეს არ არის დამშვიდობების მადლობა, მეგობრებო. ეს არის მადლობა აქამდე გადახდილი ბრძოლებისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება და გრძელდება გამარჯვებამდე.

ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოტენციურ “შემძენს”, თავი შეიკავოს სადაო ქონების დაუფლებისაგან, რადგან ისინი ჩაითვლებიან არაკეთილსინდისიერ შემძენებად. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ევროსასამართლოს დიდ პალატაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში. იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ დიდ პალატაში ყველა ზემოხსენებული გარემოება იქნება გათვალისწინებული და სრულყოფილად შესწავლილი.

ამ ბრძოლაში ჩვენ დანებების, უიმედობის ან უკან დახევის უფლება არ გვაქვს. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,” – აღნიშნულია განცხადებაში", – ნათქვამია "რუსთავი 2"-ის ყოფილი მფლობელების განცხადებაში. 

ცნობისთვის: 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.მასთან, სტრასბურგის სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება. მხარეებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებისთვის სამთვიანი ვადა აქვთ. თუმცა როგორც "რუსთავის 2"-ის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ტელეარხის იურისტები სტრასბურგის გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას აღარ აპირებენ, ვინაიდან მისი თქმით, ამას აზრი აღარ აქვს.   

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს ოფიციალურად გადაუფორმა. მალევე, ცვლილება "რუსთავის 2"-ის გენერალურ დირექტორსაც შეეხო და ნიკა გვარამიას ადგილზე ხალვაშის იურისტი პაატა სალია დაინიშნა. როგორც ხალვაში აცხადებს, საკადრო ცვლილება მხოლოდ ნიკა გვარამიას ეხება.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp