ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, დაიხურა. აღნიშნულის მიზეზი სხდომათა დარბაზში დამსწრეების მხრიდან წესრიგის დარღვევა [სიცილი და ტაში] გახდა.

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი არ ეთანხმება ბრალდების შუამდგომლობას, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის პატიმრობას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ ოქრუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს.

ჭაბაშვილის განცხადებით, თუ მოსამართლე გადაწყვეტს, რომ რაიმე სახის აღკვეთის ღონისძიება გამოიყენოს, მაშინ დაცვის მხარე სასამართლოს 10 000–ლარიან გირაოს შესთავაზებს.

ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით 25 ივლისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6 - დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-მ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, მათ შორის, დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური.

იხილეთ ასევე: შსს ოქრუაშვილთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს, რომელზეც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენებია ასახული [ვიდეო]

რას უკავშირებს ოქრუაშვილი მის დაკავებას – ადვოკატის კომენტარი ბრალდებულთან შეხვედრის შემდეგ

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თამილა ლაფანაშვილმა ოს ხალხს მიმართა:"მჯერა, გაუგებრობები და პრობლემები, რაც ჩვენს ურთიერთობაში გვქონდა, ვაჟკაცობისა და ტოლერანტობის გამოღვიძებით ისევ მოგვარდება"