ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძეს პატიმრობა შეეფარდა

20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ბიოლოგს ბეჟან ლორთქიფანიძესაღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

ადვოკატ გიორგი გელხაურის განცხადებით, დაცვის მხარე მზად იყო 10 000-ლარიანი გირაო გადაეხადა. ამასთან, გელხაურის თქმითვე, დაცვის მხარემ სასამართლოს წინაშე პირადი თავდებობა დააყენა, სადაც მისივე განმარტებით, ლორთქიფანიძეს "საკმაოდ ცნობილი პირები უდგებიან თავდებში".  

საველე ბიოლოგი და ველური ბუნების მკვლევარი ბეჟან ლორთქიფანიძე 25 ივლისს 20–21 ივნისის აქციის საქმეზე  ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლითდააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ლორთქიფანიძის შესახებ აცხადებს, რომ ის "გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით პოლიციელების მიმართ, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ და ძალადობით ცდილობდა კორდონის გარღვევას".

ბეჟან ლორთქიფანიძემ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ზოოპარკიდან გაქცეული ბეჰემოტი ბეგი საიმობილიზაციო პრეპარატით უსაფრთხოდ დააძინა. National Geographic​-ში იმავე წელს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ლორთქიფანიძემდე ჰიპოპოტამს პრეპარატი რამდენჯერმე უშედეგოდ ესროლეს. 

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა ონლაინ-გამოცემას აფუძნებს