ანგელა მერკელი: "რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია"

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, ყირიმში რუსეთის ქმედებებზე თვალის დახუჭვა დაუშვებელია.

როგორც მერკელი გერმანულ მედიასთან აღნიშნავს, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია „საერთაშორისო სამართლის უხეში და ღია დარღვევა იყო“. თუმცა გერმანიის კანცლერი იმასაც ამბობს , რომ რუსეთთან „კრიტიკული დიალოგის“ შენარჩუნება აუცილებელია.

"ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთის გარეშე შეუძლებელი იქნება",– განაცხადა მერკელმა.

მისი თქმით, ევროპა უნდა გაერთიანდეს, რათა შეეწინააღმდეგოს იმ გამოწვევებს, რომელიც მას სამი გლობალური მეტოქისგან – ჩინეთისგან, რუსეთისგან და აშშ-ისგან ემუქრება.

კანცლერის თქმით, რუსეთი ცდილობს, ჩაერიოს ევროპის ქვეყნების არჩევნებში, ჩინეთი კი ევროპაზე ეკონომიკურ ზეწოლას ცდილობს, ხოლო აშშ ციფრულ სერვისებზე მონოპოლისტია.

„ეჭვი არ არის, რომ ევროპამ უნდა შეცვალოს პოზიცია ახალ სამყაროში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგის გარანტიები აღარ მოქმედებს. რუსეთი, ჩინეთი და აშშ ხშირად გვიბიძგებენ, საერთო ინტერესები ვიპოვოთ. ეს რთულია, თუ გავითვალისწინებთ ჩვენ განსხვავებულ ინტერესებს. მაგრამ ამას ხანდახან ვახერხებთ, მაგალითად უკრაინის შემთხვევაში“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ვის მოიაზრებს "ქართული ოცნების" ყოფილი კოალიციიდან პარტნიორებად ბოკერია