თალაკვაძე ხაზარაძეს:"პოლიტიკა მეტ საჯაროობას და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ “ამ საქმის დაკავშირება პოსტ-ფაქტუმ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობასთან სპეკულაციურია". 

"ოპოზიცია ამ ამბავს ხან ბატონი ხაზარაძის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირებს, ხან ანაკლიას - ვფიქრობ ეს არათანიმდევრულია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საზოგადოებას ხაზარაძისა და ჯაფარიძის კონკრეტული პოლიტიკური გეგმების შესახებ ჯერ არაფერი მოუსმენია" - აცხადენს თალაკვაძე და დასძენს, რომ “დღეს, პოლიტიკური პარტიის შექმნის პრობლემა აღარავის აქვს, ორასამდე პარტიაა რეგისტრირებული და 20-ზე მეტი თითქმის ყველა არჩევნებში მონაწილეობს”.

მისივე თქმით, "თუ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში წასვლას აპირებს, პოლიტიკა მეტ საჯაროობას და ანგარიშვალდებულებას მოითხოვს, ასეთ შემთხვევაში სჯობს, რომ მასთან დაკავშირებულ საქმეზე კითხვები დროულად ამოიწუროს”.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, "საქმის გონივრულ ვადებში ამოწურვა შედის როგორც სახელმწიფოს, ასევე, თავად ხაზარაძისა და ჯაფარიძის ინტერესებში". 

"ეს საქმე ვინმეს პოლიტიკური ზეწოლისთვის რომ სჭირდებოდეს, მაშინ ამ ადამიანებს რეპუტაციულ დარტყმას მიაყენებდა და საქმეს ბოლომდე აღარ მიიყვანდა, თაროზე შემოდებდა" - დასძინა პარლამენტის თავმჯდომარემ. 


ცნობისთვის: 26 ივლისს საქალაქო სასამართლომ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის გირაო შეუფარდა. ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე. 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp