პრეზიდენტი და პრემიერი თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ–მინისტრი მამუკა ბახტაძე თუშეთში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.

„მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო, ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახების წევრებს, დაზარალებულებს კი, მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა პრემიერმაც:

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“.

ცნობისთვის: თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაკარგულ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

სამძებრო სამუშაოები დღეს დილით განახლდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების პირველადი ინფორმაციით, გუშინ თუშეთში ომალოს მიმართულებით მოძრავი "კამაზის" მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ავტომანქანის უსაფრთხო მართვა ვერ უზრუნველყო, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. 

ავარიის ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ერთი არასრუწლოვანია, დაშავდა 3 ადამიანი. 

ამასთან, დაღუპულებს შორის ერთი ოჯახის სამი წევრია: მამა და ორი შვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp