მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

"თიბისი  ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 

ზვიად კორძაძის თქმით, განჩინება გვიან ჩაბარდათ და ის დაუსაბუთებელია.

"სამწუხაროდ, განჩინება ძალიან დაგვიანებით ჩაგვბარდა, სულ 48 საათია გასაჩივრებისთვის და ჩაგვბარდა 8 საათით ადრე და ამ დროში რაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი დავაფიქსირეთ. სასამართლო განჩინება არის დაუსაბუთებელი.  საერთოდ არ არის განჩინებაში მსჯელობა, თუ რატომ მიაჩნია სასამართლოს, რომ თუნდაც საზღვარგარეთ გასვლის აკრძალვა და ნებართვის მიცემა არ იყო რელევანტური. და ამიტომ ვთხოვთ სააპელაციო სასამართლოს, რომ გააუქმოს აღნიშნული განჩინება და არ გამოიყენოს აღკვეთი ღონისძიება“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალიწარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს დატოვეს. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

26 ივლისს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 000 -700 000 –ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა