Human Rights Watch-ის წარმომადგენელი: "დაუშვებელია, სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა"

ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორის გიორგი გოგიას განცხადებით, დაუშვებელია, სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა. 

როგორც გოგია აცხადებს, გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ვერ ჩაითვლება წინასწარი პატიმრობის დასაბუთებად, თუ ისინი ბრალდებამ კონკრეტული გარემოებებით არ გაამყარა.

“ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ცალსახად მიუთითებს, რომ წინასწარი პატიმრობა აღმკვეთი ღონისძიების უკიდურესი ზომაა (a measure of last resort) და ინდივიდუალური გარემოებებით კარგად უნდა იყოს დასაბუთებული. დაუშვებელია, სასამართლოების მიერ ზოგადი და აბსტრაქტული არგუმენტებით წინასწარი პატიმრობის მისჯა. ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე ან ისეთი ზოგადი მცნებები, როგორიცაა გამოძიებისთვის ხელის შეშლა ან მოწმეებზე ზემოქმედება ან მიმალვა არ და ვერ გამოდგება წინასწარი პატიმრობის საფუძვლად, თუ კონკრეტული ინდივიდუალი გარემოებებით არაა გამყარებული. საზღვარგარეთ ხშირი სიარული ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ნაცნობების წრის ყოლა არანაირად არ გამოდგება წინასწარი პატიმრობის მოთხოვნის ან მისჯის დასასაბუთებლად.

ყველა აქციის მონაწილე, ვისაც ინდივიდუალური გარემოებების დასაბუთების გარეშე აღეკვეთა თავისუფლება, დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდნენ წინაწარი პატიმრობიდან გამოძიების მიმდინარეობის დროს. ასეთია სტრაზბურგის სასამართლოს სტანდარტი და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ", - წერს გოგია.

ცნობისთვის:  20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ რამდენიმე პირს, მათ შორის თავდაცვის ექს–მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, მეცნიერ ბეჟან ლორთქიფანიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს მორის მაჩალიკაშვილს 27 ივლისს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp