აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი "პატრიოტთა ალიანსს" რჩევას აძლევს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევონ გალუსტიანი "პატრიოტთა ალიანსს" რჩევას აძლევს. კერძოდ, მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ შეუძლია, "მიტინგები გამართოს ძალის არგამოყენების შეთანხმების მიღებისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარების იდეის მხარდასაჭერად".

გალუსტიანის განცხადებით, შემრიგებლურ განცხადებებს, რომლებიც ბოლო დროა თბილისიდან ისმის, არანაირი ფასი არ აქვს, რადგან ჟენევის დისკუსიებზე ქართული მხარე უარს ამბობს "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ ძალის არგამოყენების შეთანხმების ხელმოწერაზე".

„თბილისსა და სოხუმს შორის პირდაპირი დიალოგი სავსებით შესაძლებელია, მაგრამ არსებობს წინაპირობები. მათ შორის საომარ რიტორიკაზე უარის თქმა და სურვილი, რომ ურთიერთობები შეიცვალოს არა სიტყვით, არამედ საქმით“, - განაცხადა ლევონ გალუსტიანმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ძალაა ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, აფხაზი ხალხის დამონება სურს. 

შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს „პატრიოტთა ალიანსმა“  ბათუმში  მიტინგი გამართა, რომელზეც მოითხოვეს, რომ საქართველომ უარი თქვას სამხედრო ბლოკების წევრობაზე, რუსეთთან ურთიერთობა გააუმჯობესოს და პირდაპირი დიალოგი აწარმოოს მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან.

ცნობისთვის: საქართველოს უკვე დიდი ხანია ცალმხრივად აქვს აღებული ძალის არგამოყენების ვალდებულება და არაერთი წელია ჟენევის დისკუსიებზე იმავეს მოითხოვს რუსეთისგანაც.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp