რატომ გადაიფიქრა INDIGO-მ ქართულ ბაზარზე შემოსვლა

„ინდურმა ავიაკომპანია INDIGO-მ 2019 წელს საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლა გადაიფიქრა“, - ამის შესახებ bm.ge-ის ტურისტული კომპანია „იბერა ტურს პლიუსის“ დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა განუცხადა, რომელიც ინდოეთის ბაზარზე მუშაობს. 

მურაჩაშვილის ინფორმაციით, INDIGO-ს მიერ წელს საქართველოში ფრენების დაწყების გადავდების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სავიზო პრობლემები გახდა. 

როგორც ცნობილია, ინდოეთი მეორე ქვეყანაა ირანის შემდეგ, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოს საზღვრის კვეთაზე ყველაზე ხშირად ეუბნებიან უარს, მიუხედავად იმისა, რომ ინდოელ ვიზიტორებს საქართველოს ვიზა ელექტრონულად აქვთ აღებული. 

„ე.წ. რუსული ავიასანქციების პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ INDIGO-ს წელს დაეწყო ფრენები, მაგრამ სამწუხაროდ, კომპანიამ გადაიფიქრა. ჩემი ინფორმაციით, მიზეზი სწორედ სავიზო თემებთან დაკავშირებული პრობლემები გახდა, რადგან თუ საქართველოში ვერ შემოვიდოდა INDIGO-ს მგზავრი, კომპანია ვალდებული იყო, მას როგორც ავიაბილეთის საფასური, ასევე კომპენსაცია გადაუხადოს“, - აღნიშნა მურაჩაშვილმა. 

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, Bm.ge TAV Georgia-ს დაუკავშირდა, რადგან ბოლო პერიოდში სწორედ TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე საუბრობდა იმის თაობაზე, რომ წელს, ზაფხულიდან ბაზარზე სავარაუდოდ, INDIGO შემოვიდოდა; 

თუმცა უკვე დღეს, TAV Georgia-შიც დაადასტურეს, რომ INDIGO წელს საქართველოში ფრენებს არ იწყებს. 

ამასთან, აცხადებენ, რომ მიზეზები მათთვის უცნობია. 

„2020 წლის გაზაფხულიდან გეგმავენ ფრენების დაწყებას“, - განუცხადეს bm.ge-ის TAV Georgia-ში. 

ცნობისთვის: 2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოში ინდოეთის 26,884 მოქალაქე იმყოფებოდა, რითიც ეს ქვეყანა ტურიზმის რეიტინგში მეთორმეტე ადგილზე იმყოფება. ზრდა წინა წელთან შედარებით 14.6%-ია, თუმცა მთავარ პრობლემას ინდოეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სიხშირე წარმოადგენს. კერძოდ, 2019 წლის 6 თვეში შსს-მ საქართველოში უცხო ქვეყნის 13,165 მოქალაქე არ შემოუშვა, რომელთა შორის ინდოეთის 2,465 მოქალაქე იყო და ამ მაჩვენებლით ინდოეთი მეორეა ირანის შემდეგ. 


„ინდოეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლები არის განსხვავებული და შეიძლება, ტენდენციები შეიცვალოს წლიდან წლამდე; ხშირ შემთხვევაში უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ვიზიტის მიზნობრიობის დაუსაბუთებლობა და შესაბამისი კატეგორიის ვიზის არქონა“, - ირწმუნებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ამასთან, შსს-ში აცხადებენ, რომ ელექტრონული ვიზა არაა იმის 100%-იანი გარანტია, რომ ინდოეთის მოქალაქეს შეუძლია საქართველოს საზღვარზე შემოვიდეს. 

შეგახსენებთ, 19 ივლისს ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტექნოლოგიური სერვისების საერთაშორისო კომპანია VFS Global-ს შორის გაფორმდა მორიგი მემორანდუმი, რომლის მიზანიც სავიზო პროცედურების გამარტივება, ტექნიკური ხარვეზებისა და ბარიერების აღმოფხვრა და სავიზო დოკუმენტების ადგილზე შემოწმებაა. 

უწყების ცნობით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ქვეყანაში "კეთილსინდისიერი და რეალური ვიზიტორების" საქართველოს საზღვარზე თავისუფლად გადაადგილებას.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მდინარაძე – აშშ–ის საელჩოს განცხადებაზე: "ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე პროცედურები მივიღეთ. ამაზეა ხაზგასმა"