თურქეთის აფხაზური სოფლების სტიქიით დაზარალებულ მაცხოვრებლებს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს


ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება თურქეთის აფხაზური სოფლების სტიქიით დაზარალებულ მაცხოვრებლებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას სთავაზობს. ამის შესახებ თურქეთში აფხაზური დიასპორის  წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რეპატრიაციის საკითხთა დე ფაქტო მინისტრმა ბესლან დბარმა განაცხადა, რომელმაც “თურქეთში აფხაზეთის წარმომადგენლობის” ხელმძღვანელ ვადიმ ხარაზიასთან და აფხაზური კულტურული ცენტრების (დერნეკების) ფედერაციის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიით დაზარალებულებიც მოინახულა.

«უდავოდ, სადღეისოდ ამაზე საუბარი რთულია. ძალზე რთულია, ერთბაშად მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, თუმცა თქვენი ისტორიული სამშობლო მზადაა, მიიღოს ოჯახები, რომელთაც საცხოვრისი და წლობით ნაგროვები ქონება დაკარგეს. გადადით საცხოვრებლად აფხაზეთში, ჩვენ კი გვერდში დაგიდგებით, დაგეხმარებით ცხოვრების ახლიდან დაწყებაში. მშობლიურ მიწაზე კედლებიც კი გეხმარება. მინდა, გჯეროდეთ, რომ ჩვენ ეს ძალგვიძს», - განაცხადა დბარმა სოფელ ესმა-ხანიმში გამართულ შეხვედრაზე და მსურველებს “თურქეთში აფხაზეთის წარმომადგენლობისთვის” შესაბამისი საბუთების წადგენა შესთავაზა.

ამასთან, მან დე ფაქტო ხელისუფლების სახელით მზადყოფნა გამოთქვა, “თურქეთის სახელმწიფოსთან და თურქეთში აფხაზურ დიასპორასთან ერთად დაზარალებულებს შეძლებისდაგვარად მატერიალური დახმარება გაეწიოს”.

ცნობისთვის: 17 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად თურქეთში რამდენიმე სოფელი დაიტბორა, სადაც სადღეისოდ აფხაზი მუჰაჯირების შთამომავლები სახლობენ. წყალდიდობამ კერძოდ, ესმა-ხანიმი, ულუ, კობაში და სხვა რამდენიმე სოფელი დააზარალა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp