სოხუმის აეროპორტის პერსპექტივა

ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას, - ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, რუსეთი ბაბუშერაში მდებარე აეროპორტის საერთაშორისო ფრენებისთვის გახსნას ცდილობს.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას. ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები,” - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

იხილეთ ასევე: სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: “საქართველოს ნებართვის გარეშე სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა ვერ განხორციელდება”

რუსეთმა სოხუმის აეროპორტსა და აფხაზეთის საჰაერო სივრცეს საერთაშორისო კოდი «URAS» მიანიჭა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება სოხუმის აეროპორტის ასამოქმედებლად ემზადება. საკითხი ორიოდ დღის წინ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განიხილეს, რომელსაც “პრეზიდენტი” რაულ ხაჯიმბაც დაესწრო. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, “სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტსა და აფხაზეთის რესპუბლიკის  საჰაერო სივრცეს რუსეთის ფედერაციის აერონავიგაციური ინფორმაციის კრებულში (AIP) შემდგომი შეტანის მიზნით საერთაშორისო კოდი «URAS» მიენიჭა”.

როგორც სხდომაზე ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების “სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის” თავმჯდომარემ ვახტანგ ფიფიამ განაცხადა, დე ფაქტო პრეზიდენტის განკარგულებით, “სოხუმის აეროპორტს “ერთობლივი ბაზირების აეროდრომის” სტატუსი ექნება, რაც მის ტერიტორიაზე როგორც სამოქალაქო, ისე სახელმწიფო, ანუ სამხედრო, საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს და სანიტარული საჰაერო ხომალდების განთავსების უფლებას  იძლევა”.

რაც შეეხება «URAS» კოდს, მისი განმარტებით, პირველი ლათინური ასო, როგორც წესი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების აეროპორტების კოდებში ფიგურირებს, მეორე აღნიშნავს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვს, სადაც ავიასადისპეტჩერო რეგიონზე გამავალ ყველა ავიახაზს აკონტროლებს, მესამე - აფხაზეთს, მეოთხე კი -სოხუმს.

“სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე მუშაობა 2018 წელს დაიწყო. მოვიზიდეთ რუსი ინვესტორი საპროექტო და ხარჯვითი დოკუმენტაციის მოსამზადებლად. სამუშაოების ეს ნაწილი 2019 წლის აგვისტოში დასრულდება. ამოქმედების შემდეგ სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი დღე-ღამეში 3-დან 5 ათასამდე მგზავრის მიღებას შეძლებს. ამასთანავე,  მისი გამოყენება ტვირთების გადასაზიდადაც იქნება შესაძლებელი” - განმარტა ფიფიამ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზური საზოგადოება სოხუმის აეროპორტის სტატუსის საკითხთან დაკავშირებულ ნიუანსებს არაერთგვაროვნად შეხვდა. გაჩნდა კითხვები, “როგორ აისახება ეს ყველაფერი აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე”.

როგორც ამასთან დაკავშირებით სხდომაზე დე  ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, “აეროპორტის აღდგენის საკითხი ყველა შემთხვევაში გადასაჭრელი იყო და თუ ვინმეს საქმისთვის თავის არიდება უნდა, ათას რამეს მოიმიზეზებს”:

“ყველას მინდა, შევახსენო, რომ რუსეთმა თავად გვაღიარა და მას შემდეგ ყველაფერს აკეთებს, რომ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, შედგეს – დაწყებული ფინანსური დახმარებით, დასრულებული პირობების შექმნით საიმისოდ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი  საწარმოები ამოქმედდეს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, როგორ ავაგებთ ურთიერთობებს და რამდენად დაჟინებულები ვიქნებით ამ საკითხებში. აქტიურობაა საჭირო და არა ერთმანეთისთვის ხელის შეშლა, წინაღობების შექმნა. მოვუწოდებ ყველას, ვინც ჩართულია ამ საკითხებში, გააცნობიეროს, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია, ჩვენი ხალხის ინტერესებში და შესაძლებლობას მოგვცემს, სულ სხვაგვარად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა”.

ცნობისთვის: სოხუმის აეროპორტი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის დედაქალაქიდან 18 კმ-შია განლაგებული, ომის შემდეგ პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს. 1990-იანების დასაწყისამდე აქედან სრულდებოდა რეისები  სსერკ-ის არაერთ ქალაქში, ზაფხულობით აეროპორტი დღე-ღამის განმავლობაში 5 ათასამდე მგზავრს ემსახურებოდა, ზამთრობით – 1000-მდე მგზავრს. ომის დროს აეროვაგზლის ორივე შენობა და სასტუმრო დაზიანდა, ასაფრენი ზოლები კი დაინაღმა. 2000 წლისთვის აქ განაღმვითი სამუშაოები ჩატარდა, აეროვაგზლის ძველი შენობა გარემონტდა და მას შიდა ფრენებისთვის, რუსეთიდან თვითმფრინავებისა და გაერო-ს სპეცრეისების მისაღებად იყენებდნენ.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სოხუმის აეროპორტის კოდის ანულირება მოახდინა და თავისი დოკუმენტაციიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო. 2011 წლის ივლისში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ და რუსულმა ავიაკომპანია «ნოვაპორტმა» გააფორმეს  შეთანხმება თანამშრომლობის განზრახვის შესახებ, რომლის თანახმად, ინვესტორს აეროვაგზლის რეკონსტრუქცია უნდა განეხორციელებინა და იგი ხანგრძლივი დროით იჯარით  აეღო. თუმცა 2014 წლის ნოემბერში გაფორმდა ახალი ხელშეკრულება რუსულ კომპანია «აეროპორტ დეველოფმენთთან», რომელიც სამრეწველო ჯგუფ «საბაზისო ელემენტში” შედის. რუსულ კომპანიას უნდა აეღო პასუხისმგებლობა აეროპორტის კომპლექსის (ვაგზლის, სასტუმროების, მაღაზიების, რესტორნების) მშენებლობაზე, აფხაზურ დე ფაქტო მთავრობას კი - ინფრასტრუქტურაზე, კავშირგაბმულობის საშუალებებზე, ხელოვნურ საფარზე, ფრენების უსაფრთხოების უზრუნვეყოფაზე, ტრანსპორტსა და სპეციალისტების მომზადებაზე. თუმცა არც ეს განხორციელებულა და სადღეისოდ აეროპორტი ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზირებისთვის გამოიყენება, რომელიც 5 მსუბუქი L-39-ისგან და 6 ვერტმფრენისგან შედგება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა