მაჩალიკაშვილი ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვს.

„ვეცდები, ჩემს გვერდიდან გამოგეხმაუროთ და მოკლედ აგიხსნათ იმ ადამიანებს, ვინც ლაფს მასხავთ რაღაც გროშების გამო, თქვენივე ღირსების შელახვით და თქვენივე თავზე ლაფის დასხმით, მე თქვენს მოსამართლედ არ გამოვდგები, თქვენ ყოვლისშემძლე გაგასამართლებთ თქვენს მოდგმასთან ერთად, თქვენს სიბინძურეს და კლავიატურობას, არასწორი ინფორმაციების გაშუქებას - ამაზე ერთ დღეს პასუხს აგებთ. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში არაფრის გამო ჯოჯოხეთად მიქციეთ ყოფა და ცხოვრება. ერთი ადამიანი არ გამოჩნდით გეღიარებინათ დანაშაული და იძულებულს მხდით ივანიშვილიდან დაწყებული მთელი მაღალი რანგი ამ ხელისუფლებაში ვლანძღო კუთხეში მიმწყდეულმა. არაბიც, სპარსიც და შაჰიც, პუტინიც მე ვყოფილვარ - ყველა ზიანის საქართველოსთვის მომტანი მთელი ისტორის განმავლობაში. რას ვითხოვ, ჩაიდინეთ დანაშაული? აღიარეთ! არავის გავლანძავ და არავის დავემუქრები ტროლებო. საბოლოოდ ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც გაქვთ სახელმწიფოს დონის დანაშაული ის ვერ მოგინელებიათ და ბოლომდე ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება გადაწყვიტეთ, რომ არ გაირკვეს სიმართლე და გამაჩუმოთ. ბოლო დარტყმა მომაყენეთ ხუსეინ [მორის] მაჩალიკაშვილის პოლიტიკურად ციხეში გამოკეტვით. ეს მეორე შვილია ჩემი“, - აცხადებს მაჩალიკაშვილი და მოითხოვს, რომ ის ან მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილს შეახვედრონ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი შვილის მკვლელობის ობიექტურად გამოძიების მოთხოვნით თბილისში, პარლამენტთან აქციას 11 თვეა, მართავს.

შეგახსენებთ, რომ შსს–მ 20-21 ივნისს თბილისში, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი მორის მაჩალიკაშვილი დააკავა. 27 ივლისს მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. 

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp