ვასაძე – ივანიშვილს: "გააკონტროლეთ მედია! ზოგს ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას მიმართავს, "უმკაცრესად გააკონტროლონ მედია".

ვასაძის თქმით, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან.

„მინდა, მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას. უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ეკონომიკას და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედია პროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს“, - განაცხადა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში.

მისივე თქმით, მკაცრი მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს "პრინციპული, ეროვნული, უმწიკლო ადამიანებით, რომლებიც ქრთამს არ აიღებენ".

„ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე - ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება“, - აცხადებს ვასაძე.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp