შტურმი თუ პოლიტიკური "სპეცოპერაცია" – სად "გაქრა" 315-ე მუხლი?

„გავრილოვის დრამატული ღამე“ თითქმის თვენახევარს ითვლის, თუმცა კითხვები არათუ მოიხსნა, არც შემცირებულა. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების პასუხი დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა დემონსტრანტებისთვის, რომლებიც დღემდე რუსთაველის გამზირიდან ყოველდღიურ რეჟიმში ახსენებენ შს მინისტრს საკუთარ მოთხოვნას – გადადგეს. პროტესტების პარალელურად „გავრილოვის ღამემ“ შეიძინა 20–მდე ძალადობაში ბრალდებული და სისხლის სამართლის საქმე მძიმე კვალიფიკაციით – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის, თუმცა ბრალდებულის გარეშე. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ჯერ კიდევ 4 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში ვკითხულობთ:


„ამ ეტაპისთვის გამოძიების პროცესში ჩატარებული დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების, მოპოვებული მტკიცებულებების და ათეულობით მოწმის ჩვენებების  ანალიზის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანო მივიდა დასკვნამდე, რომ 2019 წლის 20-დან 21 ივნისის ღამეს, ცალკეული პირების მიერ იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა და ხელში ჩაგდება. დადგენილია, რომ სწორედ ამ განზრახვის განხორციელების პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას, რასაც უნდა მოჰყოლოდა შემდგომი დანაშაულებრივი ქმედებები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რაც განეიტრალებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების უშუალო ძალისხმევით. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე დაზუსტდა სამართლებრივი კვალიფიკაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გაგრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე [ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა] და 315-ე მუხლების მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ხელში ჩაგდების მიზნით, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“.

თუ ამ განცხადებით ვიმსჯელებთ, გამოძიება დაზუსტებული კვალიფიკაციით მიმდინარეობს. დასკვნამდე კი გამოძიებას კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს უნდა მიეყვანა, თუმცა საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში ბრალდებული რატომ არ ჰყავს საქმეს? ხოლო თუ გამოძიება არ ფლობდა საკმარის მტკიცებულებებს, რატომ იჩქარა კვალიფიკაციის გაჟღერებისას? ხომ არ სურდა საზოგადოებრივი განწყობის შექმნა მით უფრო მაშინ, როდესაც 20–21 ივნისის მოვლენების გამო საზოგადოებრივი პროტესტი ჯერ კიდევ მძაფრი იყო? კვალიფიკაცია – „ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა“ხომ არ არის ფონი პოლიტიკური კონტექსტის შესაქმნელად. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 2012 წლის შემდეგ აღნიშნული მუხლით გამოძიება მინიმუმ ორჯერ დაიწყო, თუმცა ბრალდებული საზოგადოებას ჯერაც არ უნახავს.

როგორია გამოძიების პრაქტიკა

თბილისის ყოფილ პროკურორ მაია მწარიაშვილისთვის პროკურატურამ საკუთარი დამოკიდებულება სწორედ კვალიფიკაციის დროს გასცა. კერძოდ, როგორც იურისტი „აქცენტთან“ საუბრისას განმარტავს, გამოძიების მუხლი იცვლება შესაბამისი გარემოებების და ბრალდებულის გამოკვეთის შემთხვევაში და არა პირიქით – ბრალდებულის და შესაბამისი გარემოებების გარეშე.


„კვალიფიკაციის შეცვლას პროკურორის დადგენილება სჭირდება. ასეთი უცნაური შემთხვევა არც მინახავს, არც გამიგია და არც მქონია:  საქმეს შეუცვალო სახელწოდება[კვალიფიკაცია] ისე, რომ ბრალდებული არ გყავდეს. თუ გარემოებები ჰქონდათ, ბრალდებულიც უნდა ჰყავდეთ, მაგრამ არ ჰყავთ, ანუ ამ კვალიფიკაციის მიმანიშნებელი გარემოებები არ აქვთ. კვალიფიკაციის ასე უცნაურად დაზუსტება არ ხდება ხოლმე. და როგორც კი „უცნაურ“ რამეს მოისმენ ან დაინახავ, უნდა მიხვდე, რომ მის უკან სხვა რამე დგას. ეს მუხლი [სსკ–ის 315–ე] მძიმედ ჟღერს და ვფიქრობ, ამ ჟღერადობისთვის დაარქვა პროკურატურამ ეს სახელწიდება“,– განმარტავს თბილისის ყოფილი პროკურორი.

ამასთან მწარიაშვილი სსკ–ის 225 მუხლის კვალიფიკაციასაც  კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

„გაბრაზებული ადამიანების ჯაჯგური პოლიციასთან, მიწოლა, არ იძლევა ამ მუხლის შემადგენლობას. ეს მუხლი სპეციფიურია იმითაც, რომ პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. ამ ბოლო დროს კი გამოძიებას სულ დაავიწყდა, რომ სუბიექტური მხარეც აქვს დანაშაულს და ძალიან მნიშვნელოვანია. გვაჩვენებენ რაღაც სიუჟეტებს, ოქრუაშვილის კადრების არ იყოს: მასაში დგას [ოქრუაშვილი], ხან იქეთ მიაწვებიან, ხან აქეთ. პირდაპირი განზრახვის მიმანიშნებელი ვერც ერთი მტკიცებულება ჯერ ვერ ვნახეთ. გვანახებენ კადრებს, რომ ვიღაც ვიღაცას ურტყამს, მანამდე რა იყო, ისაა საინტერესო. იქნებ რაღაც მოხდა და ამან უპასუხა. მასობრივი არეულობას სხვა შემადგენლობა აქვს. ამ შემთხვევაში შესაძლოა, მხოლოდ ინდივიდუალურ გადაცდომებზე ვიმსჯელოთ და არა მასობრივ არეულობაზე, რადგან ერთიანი განზრახვით შეკრული მოქმედებები ჩვენ ჯერ ვერ ვნახეთ“.

მწარიაშვილი ელის, რომ საზოგადოება სსკ–ის 315 მუხლით ბრალდებულს ვერ იხილავს. რაც შეეხება უკვე დაკავებულ და წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირების საქმეებს, იურისტის შეფასებით, თითოეულ მათგანს სტრასბურგის ევროპულ სასამართლოში პერსპექტივა აქვს:   

„ნახეთ, უვადოდ დანიშნულმა მოსამართლეებმა როგორ ჩამოარიგეს აღკვეთის ღონისძიებები. უვადოდ დანიშნვაც კი არ არის ჩვენთან დამოუკიდებლობის გარანტია და ეს იყო ძალიან მძიმე. ისინი ახლაც ისევე იქცევიან, როგორც მაშინ, სანამ ვადიანი მოსამართლეები იყვნენ. ჩემთვის ყველა ის აღკვეთის ღონისძიება, როდესაც პატიმრობა გამოიყენეს, უკანონო, დაუსაბუთებელია, სტრასბურგის სტანდარტთან ძალიან შორსაა და დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს პერსპექტივა აქვს სტრასბურგში. ასე დაუსაბუთებლად ჩამორიგებული პატიმრობები ჩემთვის ერთი–ერთში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროა“.

„თამასა მაქსიმალურად ერთადერთი მიზნით აიწია“

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის დაკვირვებით, პროკურატურა პროპაგანდისტული მიზნებისთვის იქნა გამოყენებული და „თამასა მაქსიმალურად ერთადერთი მიზნისთვის აიწია: მაქსიმალური დრამატიზება მოეხდინათ სიტუაციის“.


პოლიტოლოგის შეფასებით, მეთოდი ტაქტიკურ ამოცანას ასრულებს, თუმცა არა – სტრატეგიულს:

„სწორედ ეს არის ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლება გავისტუმრეთ მმართველობის სადავეებიდან: ისინი პროკურატურას  პოლიტიკური დევნისთვის ან პროპაგანდისთვის იყენებდნენ.  სამწუხაროდ, ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების მეთოდი ცუდი ფორმით გადაიღო. ამ ტიპის პროპაგანდას თავისი სამიზნე აუდიტორია ჰყავს: ალბათ ძირითადად იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც მიტინგებზე დადიოდნენ. ვიცით, რომ ეს არაა პირველი შემთხვევა, სულ მცირე, მესამედ დაიწყო გამოძიება ამ მუხლით და ეს იქნება თაროზე შემოდებული კიდევ ერთი საქმე. ხელისუფლება ხედავს, რომ ვითარებაზე კონტროლს კარგავს და ცდილობს,  „ჯინი“ ბოთლში წიხლით ჩატენოს, ცდილობს, ძალისმიერ ქმედებებზე გააკეთოს აქცენტები. ეს მეთოდი ტაქტიკურ ამოცანას ასრულებს, მაგრამ სტრატეგიულს – ვერა. ეს ყველაფერი გროვდება და ბუმერანგის პრინციპით დაბრუნდება ხელისუფლებას“.

მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე მიმდინარე მოვლენებს შს მინისტრის გადარჩენის მიზნით დაგეგმილი „პოლიტიკური სპეცოპერაციის“ კონტექსტში განიხილავს.


„გვითხრეს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, მაგრამ ვნახეთ, რომ გადადგა ირაკლი კობახიძე [პარლამენტის თავმჯდომარე], ზაქარია ქუცნაშვილთან [დეპუტატი] ჯერ კიდევ ბოლომდე არ გვაქვს გარკვეული, რა მოხდა, თუმცა მანდატთან დაკავშირებით მან პასუხისმგებლობა აიღო და ხელისუფლებამ დათმო პროპორციული არჩევნები. ჩნდება კითხვა – სახელმწიფო გადატრიალებას რომ ხალხი აწყობდა, მათი მოთხოვნის საფუძველზე გაკეთდა ეს ყველაფერი? ეს ხომ აბსურდია?! შემდეგ გაგრძელდა თემა, უნდა აეღო თუ არა პასუხისმგებლობა შს მინისტრს, რომელიც პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი 20 ივლისის ღამის მოვლენებზე, რამაც ძალიან ბევრი ადამიანი დაასახიჩრა. დაიწყო პოლიტიკური სპეცოპერაცია გახარიას გადასარჩენად და ამ სპეცოპერაციის პირობებში შემოვიდა ურთიერთგამომრიცხავი სცენები: სიტყვიერად სახელმწიფო გადატრაილების მცდელობასთან გვაქვს საქმე, სამართლებრივად სხვა რამეს გვეუბნებიან და აპატიმრებენ ადამიანებს; ერთი და იგივე დანაშაულისთვის ნიკა მელია ელექტრონული სამაჯურით ზის სახლში, ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა და ა.შ. აქ ლოგიკის პოვნა რთულია, ერთადერთი ლოგიკაა – ხელისუფლება ცდილობს, გაღმა გაედავეს პრინციპით იმოქმედოს, დათესოს შიში ადამიანებში, ვინც პროტესტს გამოხატავდა და ახალგაზრდებს, რომლებიც დღემდე აგრძელებენ აქციებს, რომელიმე კუთხით მიუახლოვდეს, რომ რაღაც ზომები განახორციელოს“.

გარდა ამისა, ჩიხრაძე ფიქრობს, რომ მიმდინარე მოვლენებს ორი მიზანი აქვს: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ველის მოსუფთავება და გზავნილი რუსეთისთვის: „გავრილოვი კი გამოვუშვი ქვეყნიდან, მაგრამ აქ ჯერ კიდევ ვახორციელებთ რეპრესიებს“.

„ამ ყველაფერთან ერთად ჩვენ მედიასაშუალებების შეზღუდვის კუთხითაც ვხედავთ ნაბიჯებს. ვგულისხმობ „რუსთავი 2“–ის მოვლენებს. ალბათ სურთ, პორპორციული არჩევნები მივიღოთ პოლიტიკურად მოსუფთავებულ ველზე ახალი მოთამაშეების გარეშე, დაშინებული საზოგადოებით. ეს მეთოდი ახალი არ არის და ძალიან სამწუხაროა, ვერც ერთმა ხელისუფლებამ წინა ხელისუფლების შეცდომებზე ვერაფერი ვერ ისწავლა. ისინი აბსოლუტურად არ იცნობენ ქართულ საზოგადოებას. თავისუფლებისათვის ბრძოლის შეზღუდვა იმ საქართველოში, რომელსაც იმდენი მაგალითი აქვს ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში ბრძოლის, რომ დღეს ამ უცნაური რეჟიმის პირობებში დაემორჩილოს, აბსურდია. როდესაც ხელისუფლება საზოგადოებას მერვე წელსაც ვერაფერს სთავაზობს გარდა მოთხობებისა, განვილ ცხრა წელზე, არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საზოგადოებას რაიმეს დაიჯერებს“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp