ბათუმში ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა. დაშავებული 3 წლის გოგონა ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში მშობლებმა გადაიყვანეს,- იუწყება აჭარის ტელევიზია. 

მედიკოსების ინფორმაციით, ბავშვს ზედაპირული მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება, კვლევები კი ამ დრომდე გრძელდება.

”ცნობიერება არის ნათელი. ხილული მოტეხილობები არ აღენიშნება ამ ეტაპზე. პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს მონიტორინგი. ზედაპირული მრავლობითი დაჟეჟილობა აქვს. გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება. მშობელი ამბობს, რომ ბავშვი ლიფტის შახტში ჩავარდა” – ამბობს პედიატრი თეონა ტაბატაძე.

მეზობლები ყვებიან, რომ ლიფტი ძველია და მისი კარი მარტივად იღება. ბავშვი პირველ სართულზე იყო, როცა ლიფტის კარი გააღო, ფეხი დაუცდა და შახტში ჩავარდა. ლიფტი კი ამ დროს სხვა სართულზე იყო გაჩერებული.

სასწრაფო სამედიცინო ცენტრში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრეს, რომ 112-ში მომხდარზე შეტყობინება შევიდა, მაგრამ ადგილზე მისულ მედიკოსებს არავინ დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp