„ახალგაზრდები არ დაიშლებიან, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი ბოლო მოთხოვნა, მოაშორონ შს მინისტრის თანამდებობიდან ეს გახარია“

მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ  20–21 ივნისს და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ახალგაზრდები პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე  მათი ბოლო მოთხოვნა – შს მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლება არ დაკმაყოფილდება. 

კიკაბიძის თქმით, თავადაც რომ იყოს ახალგაზრდა, აუცილებლად შეუერთდებოდა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციას.

„ქუჩაში ბევრი ხალხი გამოვიდა იმიტომ, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფ რუსულ დელეგაციაში იყო ადამიანი, რომლის გვარსაც ყველა იცნობდა და რომელიც მხარს უჭერდა და მონაწილეობდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოწყვეტაში... ძალიან საინტერესო დეპუტატია მართლმადიდებელი კომუნისტი გავრილოვი! ახალგაზრდობამ დაინახა, რომ ზის პარლამენტში, - მეტიც, ზის სპიკერის სავარძელში. ამ ახალგაზრდობამ იცის, რომ 30-40 კილომეტრში, გორთან ახლოს, ხერგილები დგას, საზღვარი დიდი ხნის გადმოწეულია, იქიდან იტაცებენ ადამიანებს და 1000 რუბლს ითხოვენ გამოსასყიდს და ეს უბედური, ნახევრად მშიერი ხალხიც იძულებულია გადაიხადოს... ამიტომაც გამოვიდნენ და სწორადაც მოიქცნენ. მეც რომ ვიყო 20, 30, 40 წლის, იქ ვიდგებოდი დღე და ღამე. ყველა გავიდა ქუჩაში, ჩემი უფროსი შვილიშვილიც იქ იყო. ამ რაოდენობის ახალგაზრდა არ მინახავს არასოდეს. ბევრი სხვადასხვაგვარი მიტინგი გამართულა თბილისში, მაგრამ ასეთი არ მინახავს. ახლა ვიღაც იმედოვნებს, რომ დაიშლებიან... არ დაიშლებიან, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი ბოლო მოთხოვნა, მოაშორონ შს მინისტრის თანამდებობიდან ეს გახარია, რადგანაც ის, რაც 20 რიცხვში მოხდა, თუ ვინმეს არ უნახავს, უმჯობესია არც ნახოს, იმდენი სისხლი იყო“, – განაცხადა კიკაბიძემ „რადიო თავისუფლების“ უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ცნობისთვის: თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

21 ივნისიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ყოველ დღე 19.00 სთ-ზე იკრიბებიან პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მასობრივ დემონსტრაციებს მართავენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა