თსუ TBC ბანკთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ განმარტებას აკეთებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნატა ასათიანი სოციალურ ქსელში, უნივერსიტეტსა და TBC–ს შორის კონტრაქტის დასრულების შესახებ წერს. ასათიანი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტსა და ბანკს შორის დადებული ორწლიანი კონტრაქტი დასრულდა, რის გამოც სასწავლებელმა საბუღალტრო გადარიცხვებისთვის ახალი პარტნიორი ბანკის მოსაძიებლად ღია კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობის მიღება ყველა ბანკს შეეძლო. 

ნატა ასათიანი აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტს საუკეთესო პირობები "საქართველოს ბანკმა" შესთავაზა, რის გამოც კონტრაქტი სწორედ მასთან დაიდო. 

"პირველი და მთავარი: თსუ-ს არ გაუწყვეტია (!) თანამშრომლობა TBC Bank-თან. ჩვენ ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას მრავალი მიმდინარე და მომავალი პროექტის ფორმატში. 

მეორე და მნიშვნელოვანი დეტალი: თსუ-სა და TBC Bank-ს შორის დადებულ ხელშეკრულებას გასდიოდა ვადა და ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ დავიწყეთ ხელახლა მოლაპარაკებები ბანკებთან. 


მესამე ფაქტი: რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შედეგად, პირობებით, რომლებიც წამოგვიყენეს ბანკებმა, საქართველოს ბანკმა აჯობა TBC-ს. აჯობა! და ეს იცის TBC-მაც ძალიან კარგად, რადგან ბევრი შეხვედრა შედგა ჩვენსა და მათ შორის და ვერც ერთი თანამშრომელი ვერ იტყვის, რომ გარდა შემოთავაზებული პირობებისა, თსუ-ს ადმინისტრაცია რაიმე სხვა განწყობებით ხელმძღვანელობდა. ამაზე თავად ვაგებ პასუხს, იმდენად, რამდენადაც თავად ვიყავი ჩართული მოლაპარაკების პროცესში და ზუსტად ვიცი, რომ ჩემს, ჩვენს გადაწყვეტილებასთან პოლიტიკურ ვნებათაღელვას არ ჰქონია კავშირი (აქვე, გეტყვით, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია უნივერსიტეტისთვის: ბოლო ორი წელი კონტაქტორი იყო TBC, მანამდე ბანკი რესპუბლიკა. მომავალში თუ საქართველოს ბანკთან ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ, სხვა რომელიმე ბანკი უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, არჩევანიც უკეთესი პირობების გათვალისწინებით გაკეთდება და ალბათ, მეთანხმებით, რომ ეს ასეც უნდა იყოს).

და ბოლოს, თსუ-ს თანამშრომლებს ხელფასები სად ჩაერიცხებათ ამაზე ფიქრში ნუ დაკარგავთ დროს და ნურც შეთქმულების თეორიებს ვეძებთ იქ, სადაც ის არ არის...

P.S. მადლობა TBC-ს პროდუქტიული ურთიერთობისთვის და დარწმუნებული ვარ, ბევრისთვის გასაკვირად, მომავალში კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების ფარგლებში ვითანამშრომლებთ."- წერს ასათიანი.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp