თამარ მეარაყიშვილი: „იძულებული ვარ, გავავრცელო ეს განცხადება“

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს „მის წინააღმდეგ წარმოებულ ცილისმწამებლურ კამპანიაში“ ადანაშაულებს.

„იძულებული ვარ, გავავრცელო ეს განცხადება. სხვადასხვა ადამიანებისგან ჩემთვის ცნობილია, რომ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილის Keti Tsikhelashvili მიერ ჩემს წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია, თითქოს მისი სამინისტრო არის მუდმივ კონტაქტზე და მიწევენ რეგულარულად ფინანსურ დახმარებას საადვოკატო და პირადი საჭიროებებისთვის. ასეთ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, დეპუტატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ჟურნალისტებთან. მე ახლა სასამართლო ბრძოლის ისეთ ეტაპზე ვარ, არ მაქვს დრო, დაწვრილებით ვისაუბრო მასზე, თუმცა ვიტყვი, რომ ციხელაშვილი ასეთი განცხადებების კეთებისას ფიქრობს მხოლოდ საკუთარ სტატუსზე და არა ჩემზე. მისი ცრუ ინფორმაციები მხოლოდ მაზარალებს, რადგან ვისაც ჩემთვის დახმარების გაწევის სურვილი აქვს, თავს იკავებენ ამისგან. არც სამინისტრო, არც პირადად მინისტრი მიწევენ არანაირ დახმარებას, მათ არ აქვთ ჩემთან, ჩემს ოჯახთან არანაირი კომუნიკაცია. ქალბატონო ქეთევან, არაერთხელ მიგითითეთ საჯაროდ სიცრუის გავრცელებაზე, ახლა იძულებული ვარ, აგიკრძალოთ ჩემზე საუბარი, რადგან ხელს მიშლით ბრძოლის გაგრძელებაში და უკვე ვფიქრობ, ამას მიზანმიმართულად აკეთებთ. ქალბატონო ქეთევან, საერთოდ არ მახსენდებით, თუ ფეხებში არ მებლანდებით თქვენი შეთხზული ტყუილებით. გაითვალისწინეთ!“, – წერს მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში.

მეარაყიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უწყებისთვის გაუგებარია რა კამპანიას გულისხმობს და რა მიზანს ემსახურება მოქალაქე თამარ მეარაყიშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ეს სტატუსი.

"თუმცა აშკარაა, რომ ერთ-ერთი ამოცანა მის მიერ გაკეთებული განცხადებისა  პიროვნების და გაწეული ძალისხმევის დისკრედიტაციაა. სახელმწიფო მინისტრის აპარატს კარგად ესმის, რომ მავთულხლართებს მიღმა ყოფა და ცხოვრება მძიმე გამოწმევევებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა თუ რა განცხადებებს აკეთებდა ან აკეთებს თამარ მეარაყიშვილი, მისი უკანონო დაპატიმრების მომენტიდან აპარატი და პირადად მინისტრი ჩართული იყო მისი ,,წინასწარი დაკავების იზოლატორი“დან გათავისუფლების საქმეში, რაც რამდენიმე საათში მოხერხდა.  მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ყველა შესაბამის ფორმატში, სახელმწიფო მინისტრის აპარატი მუშაობდა და მუშაობს  მის მიმართ ყოველგვარი უკანონო პროცესების უპირობო შეწყვეტისაკენ, ასევე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად კონროტოლირებად ტერიტორიაზე. ამასთან კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მას გაეწია დახმარება  ხელთ არსებული ყველა მექანიზმით  უშუალოდ აპარატის მიერ და აპარატის შუამდგომლობით, მათ შორის მიმდინარე რეჟიმში.   მისი თანხმობის შემთხვევაში შესაძლებელია დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ დეტალური ინფორმაცია თ. მეარაყიშვილის მიერ სახელმწიფოსგან მიღებული დახმარების ოდენობის თაობაზე", – განუცხადეს "აქცენტს" სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

ცნობისთვის: 2019 წლის 10 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ახალგორელმა მოსამართლემ ფატიმა პარასტაევამ სამოქალაქო აქტივისტს ყველა ბრალდება და თავისუფლად გადაადგილებაზე შეზღუდვა მოუხსნა. 

რამდენიმე დღეში ეს გადაწყვეტილება დე ფაქტო პროკურატურამ დე ფაქტო  საარბიტრაჟო სასამართლოში გაასაჩივრა. თუ ეს ინსტანცია ახალგორელი მოსამართლის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, დე ფაქტო პროკურატურას შეუძლია, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უზენაეს სასამართლოსაც მიმართოს.

თამარ მეარაყიშვილის თქმით, მას არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა, რომ  ადგილობრივ დე ფაქტო პროკურატურასთან სასამართლო დავის გასაგრძელებლად ადვოკატი დაიქირავოს. იგი დახმატებას ითხოვს. თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, გადაწყვეტილების გასაჩივრება ემსახურება იმას, რომ რაც შეიძლება დიდხანს ამყოფონ იზოლაციაში. სამოქალაქო აქტივისტს ორი წელია ჩამორთმეული აქვს დოკუმენტები, რომელთა გარეშე გადაადგილება შეუძლია, მხოლოდ ოკუპირებულ რეგიონში. მას შეზღუდული აქვს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება, ან სხვა ქვეყანაში ჩასვლა. ამ მიზეზით, თამარ მეარაყიშვილი, რომელიც ახალგორის ოკუპირებულ რაიონში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ვერ ახერხებს მაგალითად, საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებას და ურთიერთობას ნათესავებსა და ახლობლებთან. 

2017 წელს ახალგორის ოკუპირებული რაიონის პროკურატურამ თამარ მეარაყიშვილს ბრალად დასდო „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის“ უკანონოდ მიღება, ყალბი დოკუმენტის გამოყენება და  ადგილობრივი მმართველი პარტიის „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამება. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp