შემაკავებელი ორდერის დარღვევის სტატისტიკა – შსს მსხვერპლებს მიმართავს

2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის 144 პირი არის მიცემული პასუხისგებაში, მათგან 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო შვიდ შემთხვევაში – ქალი, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, გაზრდილია გაცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობა. კერძოდ, 2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) გამოიცა 5399 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2018 წლის 6 თვეში – 3292.

შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია: თბილისი – 2655; იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 563; ქვემო ქართლი – 477; კახეთი – 443; აჭარა – 428; შიდა ქართლი – 345; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 258; მცხეთა-მთიანეთი – 131; სამცხე-ჯავახეთი – 66; გურია – 33.

„2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს. ხოლო 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი. აღნიშნული ადასტურებს შემაკავებელი ორდერების ეფექტიანობას, რაც მსხვერპლის დაცვის რეალურ მექანიზმს წარმოადგენს",– აცხადებენ შსს–ში.

უწყების ცნობით, შემაკავებელი ორდერების დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში. დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო შვიდ შემთხვევაში – ქალი.

"პოლიციის მიერ პროაქტიულად შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის დროს, რაც მსხვერპლთან გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტებისა და სატელეფონო კომუნიკაციის გზით ხორციელდება, 10% შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამოვლენა. აღნიშნული 2018 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედებული შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმის ეფექტიანობაზე მიუთითებს.

ასევე, მაღალია შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მსხვერპლის მხრიდან პოლიციისადმი მიმართვის მაჩვენებელი, რაც დაზარალებულების სათანადო ინფორმირებულობასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მეტყველებს.

მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისთვის შეტყობინებისაგან, რაც ახალისებს მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მსხვერპლსა და ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დროულად შეატყობინონ აღნიშნული ფაქტები პოლიციას, რათა მათი თანამშრომლობის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და დაუსჯელი არ დარჩეს მოძალადე“, – აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის: შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, გამკაცრდა პასუხისმგებლობა შემაკავებელი ორდერების დარღვევაზე და შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა