კომერციულ ბანკებში დოლარი სამ ლარამდე ღირს: "მე ჩავერეოდი"

ეროვნულმა ბანკის მიერ დადგენილი კურსის მიხედვით, 30 ივლისს ერთი დოლარის ღირებულება 2.9346 ლარია, ერთ ევროს 3.2642 ლარად შეიძენთ, “თიბისისა” და “საქართველოს ბანკების” ვალუტის გაცვლით სისტემაში კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება თითქმის 3 ლარია. TBC-ში ამ დროისათვის ერთი დოლარის ღირებულება 2.995 ლარია, საქართველოს ბანკში კი – 2.99 ლარი.

ამ დროისთვის ბლუმბერგზე ერთი დოლარი 2.9513 ლარად ივაჭრება. არ არის გამორიცხული დღის ბოლომდე ეროვნულმა ვალუტამ ეს ფსიქოლოგიური ბარიერიც გადალახოს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ იმ ემოციურ ფონზე, რომელიც 20 ივნისის მოვლენებს მოჰყვა, კურსის ცვლილებაში აუცილებლად ჩაერეოდა. 

მისი თქმით, ყველა მოქალაქემ, ვისაც შეეძლო ამ პერიოდში დოლარი იყიდა და ამან ემოციური ფონი გაზარდა.

„ლარის კურსი მხოლოდ 20 ივნისის მოვლენების ბრალი არაა, თუმცა იმის თქმაც, რომ პარლამენტთან მომხდარმა პროცესებმა ზეგავლენა არ მოახდინა, არასწორია. გუნდში ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ მე ჩავერეოდი კიდევაც ასეთ დროს, როცა ემოციური ფაქტორი არის ასეთი დიდი.

როცა ეს ამბავი მოხდა და ცხადი იყო, რომ ტურისტების რაოდენობა შემცირდებოდა, ყველა მოქალაქე, ვისაც 100 ლარიც კი ჰქონდა, წავიდა და დოლარი იყიდა. მე ჩარევაში მხოლოდ ეროვნულ ბანკს არ ვგულისხმობ, მთლიან პროცესებზე მაქვს საუბარი. ეს ტურისტების ნაკადი ადრე თუ გვიან აუცილებლად აღდგება დივერსიფიცირებით თუ სხვა გზით, ამიტომ მე აუცილებლად ჩავერეოდი“ - განაცხადა კაკულიამ „საქმიან დილაში“.

მისივე თქმით, როგორც წესი ასეთ დროს კურსის ცვლილება 20-25 პუნქტია. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ 20 პუნქტის შემდეგ კურსი ინფლაციაზეც ახდენს გავლენას, შესაბამისად ეს უკვე ეროვნული ბანკის კომპეტენციაში შედის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)