"რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ინვესტორების შემოსვლას"

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ მერის პოზიციით, აზიანებს თუ არა საინვესტიციო გარემოს ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.  

"ზოგადად, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ხდებოდა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლას. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები ოპოზიციის მხრიდან და ქმედებები, რაც მოჰყვა 20 ივნისის ღამეს, ხელს უშლის ინვესტიციების შემოსვლას, ეკონომიკურ განვითარებას. ყველაზე მეტად რაც დღეს ქვეყანას სჭირდება, ეს არის მშვიდობა. ის, რომ ტურიზმი შემცირდა, ვის ავნებს? ისევ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ტენდენცია, რაც იყო – იზრდებოდა ტურისტების რაოდენობა და უცებ ამ მოვლენების გამო, უპასუხისმებლო განცხადებების გამო, რასაც ოპოზიციური ლიდერებისგან ვისმენდით, შემცირდა ტურისტების რაოდენობა",– განაცხადა თბილისის მერმა.  

ცნობისთვის: 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მუხლით ბრალიწარუდგინა. საქმე ეხება 2008 წლის ტრანზაქციებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს ყველაფერი ანაკლიის პროექტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. 

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის, გათავისუფლება მოითხოვა. 

2019 წლის 21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დატოვეს, თუმცა დარჩნენ TBC Bank Group LPC-ში, რომელიც 2019 წლის 25 ივლისს დატოვეს. ამასთან, "თიბისი ბანკმა" განაცხადა, რომ ბანკი სასამართლო დავას წყვეტდა ეროვნულ ბანკთან და გადაიხდიდა ეროვნული ბანკის მიერ დაკისრებულ ჯარიმას (1 მლნ ლარი).

4 მარტს მამუკა ხაზარაძეს პარლამენტში საბიუჯეტო-საფინანსო კომიტეტზე მოუსმინეს, სადაც მან განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაემუქრა, კერძოდ, კი მუქარის წერილი გაუგზავნა. 

9 ივლისს მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას გეგმავს. რიგი ექსპერტებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობა უახლოეს მომავალში პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდებოდა და იგი 2020 წლის საპარამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას.

26 ივლისს დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 700 000 -700 000 –ლარიანი გირაო შეუფარდა, ასევე, აუკრძალა ქვეყნის დატოვება გამომძიებლის თანხმობის გარეშე.

რა მოხდა 20-21 ივნისს

თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება ანტისაოკუპაციო და ანტისამთავრობო აქციები, რომელიც 20 ივნისს რუს კომუნისტ დეპუტატ გავრილოვის საქართველოს პარლამენტის სავარძელში აღმოჩენას, ხოლო შემდეგ ამის გასაპროტესტებლად შეკრებილთა აქციის დარბევას მოჰყვა.

რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებმა აქციები 20 ივნისიდან დაიწყეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადაყენებას, ასევე 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისის ღამით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.  დაშავდა 240-მდე მოქალაქე, მათგან 80 პოლიციელი. დაშავდა მედიის 40-მდე წარმომადგენელი. ორმა მოქალაქემ (მაკო გომურმა და გიორგი სულაშვილმა) თვალი დაკარგა. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" ასევე გაითვალისწინა დემონსტრანტების ორი მოთხოვნა –  2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან და 20–21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას, ხელისუფლება ამ დათმობაზე ამ დრომდე არ მიდის. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბარსელონაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები გრძელდება (LIVE)