რუსეთის მოსახლეობის თითქმის 40%–ს 2024 წლის შემდეგ პუტინის პრეზიდენტად ხილვა აღარ სურს

რუსეთის მოსახლეობის თითქმის 40%–ს 2024 წლის შემდეგ ვლადიმირ პუტინის პრეზიდენტად ხილვა აღარ სურს, – ასეთია „ლევადა–ცენტრის“ უახლესი სოციალური კვლევის შედეგები. ამასთან,  როგორც ცენტრში აღნიშნავენ, რესპონდენტთა მსგავსი პასუხების წილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში 11%–ით გაიზარდა.

2024 წლის შემდეგ პუტინის კრემლში დატოვებას გამოკითხულთა 54% ემხრობა, ხოლო იმ რესპონდენტთა წილი, რომელთაც შესაბამის კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდათ, რეკორდულად არის შემცირებული და მხოლოდ 8 %–ს შეადგენს.  

2001 წლის ივლისიდან დღემდე მაქსიმუმს მიაღწია რუსეთის იმ მოქალაქეების წილმა (43%), რომელთა აზრით, ხალხი პუტინს ნდობას მხოლოდ იმიტომ უცხადებს, რომ ალტერნატივას ვერ ხედავს, ხოლო იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც თვლიან, რომ პუტინი სამომავლოდ ქვეყნის პრობლემების დაძლევას შეძლებს, ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია და 24%–მდეა შემცირებული.

ცნობისთვის: მოქმედი კანონო პუტინს 2024 წელს პრეზიდენტად მესამედ კენჭისყრას უკრძალავს. თუმცა როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, კრემლი განიხილავს სხვადასხვა შესაძლებლობებს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ძალაუფლება 2024 წლის შემდეგაც შეინარჩუნოს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp