გაერო: "ავღანეთში სამოქალაქო პირები შოკისმომგვრელი რაოდენობით იხოცებიან"

გაერო-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ავღანეთში მიმდინარე კონფლიქტს ემსხვერპლა 1,366 სამოქალაქო პირი, დაიჭრა კიდევ 2,446 ადამიანი.

მონაცემები, რომელიც ავღანეთში გაეროს დახმარების მისიის (UNAMA) 30 ივლისის ანგარიშს ეყრდნობა, მოწმობს, რომ წინა, 2018 წლის პირველ ნახევართან შედარებით მსხვერპლის რიცხვი 27 პროცენტითაა შემცირებული.

გაერო–ს უწყება ამ კლებას მიესალმა, თუმცა განაცხადა, რომ "მისთვის კვლავაც შოკისმომგვრელი და მიუღებელია სამოქალაქო პირებისთვის მიყენებული ზიანი".

ავღანეთში სისხლისღვრა გრძელდება იმ ფონზე, რაც რამდენიმე თვეა, აშშ-ის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს საერთაშორისო ძალისხმევა თალიბანთან შეთანხმების მისაღწევად, ამ, თითქმის 18 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად. თალიბანი აკონტროლებს ან კონტროლისთვის იბრძვის ავღანეთის ტერიტორიის დაახლოებით ნახევარზე - ანუ ყველაზე დიდ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც თალიბანის ხელისუფლება 2001 წელს დაამხო აშშ-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულმა სამხედრო ოპერაციამ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp