აფხაზური ცის რუსული გასაღები

სოხუმის აეროპორტისთვის რუსეთთან ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსის მინიჭებამ როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე თბილისში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.

სოხუმის ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც უფრო „ბაბუშერას“ სახელითაა ცნობილი და გულრიფშის რაიონის სოფელ ბუბუშერას სიახლოვეს მდებარეობს, 1993 წლის შემდეგ პრაქტიკულად აღარ ფუნქციონირებს: 1990–იანების დასაწყისის კონფლიქტმა მისი ინფრასტრუქტურის თითქმის სრული განადგურება გამოიწვია, 2006 წელს კი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) საქართველოს ხელისუფლების განაცხადის საფუძველზე აეროპორტს კოდი გაუუქმა და საკუთარი დოკუმენტაციიდან მის შესახებ ინფორმაცია ამოიღო. ეს ნიშნავს, რომ „ბაბუშერა“ საერთაშორისო კავშირისთვის დაიხურა. შესაბამისად, საერთაშორისო საჰაერო კავშირ IATA–ს წევრი ქვეყნების ავიაკომპანიები აფხაზეთში ფრენებს არ ახორციელებენ და ამ ორგანიზაციის  სანქციებისთვის თავის არიდების მიზნით სოხუმში არც რუსული ავიაკომპანიების ლაინერები დაფრინავენ.

თუმცა ამიერიდან, თუ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას დავუჯერებთ, როგორც კი აეროპორტის რეკონსტრუქციის წინამოსამზადებელი სამუშაოები დასრულდება, ყველაფერი შეიცვლება. კერძოდ, დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

„აფხაზეთის რესპუბლიკის საჰაერო კოდექსის შესაბამისად, ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროდრომ „სუხუმის“ სამოქალაქო და სახელმწიფო (სამხედრო, სასაზღვრო, საბაჟო და სხვა უწყებების ლაინერების ფრენები სახელმწიფო ფუნქციების შესასრულებლად) დანიშნულების ლაინერების განთავსების მიზნით გამოყენებისთვის მას ერთობლივი ბაზირების აეროდრომის სტატუსი მიენიჭოს“.

საკვანძო სიტყვა აქ „სამოქალაქოა“, რადგან „ბაბუშერას“ აეროდრომის სამხედრო მიზნით გამოყენების პრეცედენტები ისედაც არსებობს. მაგალითად, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აქ ხორციელდებოდა სამხედრო ტრანსპორტირებები, აფხაზეთში რუსეთიდან ჩაჰყავდათ სამხედროები და ჯავშანტექნიკა. საფრენ ზოლს იყენებდნენ რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირებიც. აი, აეროდრომის სამგზავრო გადაზიდვებისთვის გამოყენება კი, როგორც თბილისში ირწმუნებიან, გაცილებით  რთული ამოცანაა: ვინაიდან აფხაზეთს არც ერთი პროფილური საერთაშორისო ორგანიზაცია არ აღიარებს, მის ტერიტორიაზე ავიასაქმიანობის განხორციელება საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციად ითვლება,  – განმარტავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას. ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან. ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას. საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები“, –აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში 

მსგავსი კომენტარი გააკეთა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც, რომლის განცხადებით, სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებს ვერც ერთი ავიაკომპანია ვერ განახორციელებს მანამ, სანამ შესაბამის გადაწყვეტილებას თბილისი არ მიიღებს და ქართული მხარე ფრენების უსაფრთხოებაზე კონტროლს ვერ შეძლებს:

„იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე“ 

თავის მხრივ, სოხუმში ირწმუნებიან, რომ გამოსავალი ნაპოვნია და იგი სწორედ ერთობლივი ბაზირების სტატუსში, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, სოხუმის აეროპორტის რუსეთის შიდა ავიაზონაში ჩართვაში მდგომარეობს.     

დე ფაქტო მთავრობა ცდილობს, ეს გადაწყვეტილება „საერთაშორისო სტანდარტების დაცვად“ წარმოაჩინოს. მის განცხადებაში, კერძოდ, ვკითხულობთ, რომ „საერთაშორისო აეროპორტ „სუხუმს“ და აფხაზეთის საჰაერო სივრცეს ოთხნიშნა კოდი URAS მიენიჭა, რომელშიც პირველი ასო, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტის შესაბამისად, აღნიშნავს პოსტსაბჭოთა სივრცის კუთვნილებას; R – იმას, რომ აფხაზეთი ჩართულია როსტოვის საჰაერო ზონაში, როგორც იყო ყოველთვის; A – საკუთრივ აფხაზეთს, ხოლო S – სოხუმს“, ამასთან დე ფაქტო მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დონის როსტოვის საჰაერო ზონისთვის მიკუთვნება  „აფხაზეთის სუვერენიტეტს არ აზარალებს“.

რეალურად, ამ ოთხ ასოს, განსაკუთრებით მეორეს გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დე ფაქტო ხელისუფლება წარმოაჩენს: უპირველესად, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დოკუმენტაციის თანახმად, არც აფხაზეთის ტერიტორია, არც სოხუმის აეროპორტი არასოდეს ყოფილან როსტოვის საჰაერო ზონის შემადგენლობაში და ყოველთვის იმართებოდნენ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ. „ბაბუშერას“ აეროპორტის საერთაშორისო კოდიც კი მის ანულირებამდე იყო UGSS, სადაც G საქართველოს აღნიშნავს.

რაც შეეხება როსტოვის საჰაერო ზონას, სადავო სტატუსის მქონე აეროპორტების მასში ჩართვის პრეცედენტს ადგილი ჰქონდა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსიით შესაძლებელი გახადა ნახევარკუნძულთან სამოქალაქო ავიაკავშირი, ჩართო რა იგი შიდა საავიაციო ქსელში და ამით გამოიყვანა რა ნახევარკუნძული სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონიდან. სიმფეროპოლის აეროპორტისთვის მინიჭებული კოდი URFF არც ერთ საერთაშორისო ბაზაში არ ფიგურირებს. სიტყვაზე, ყველაზე მსხვილ საერთაშორისო ინტერნეტ-რესურსზე, რომელიც მთელს მსოფლიოში საჰაერო ტრაფიკს იკვლევს – FlightRadar24–ზე სიმფეროპოლის აეროპორტი ფიგურირებს კოდით UKFF, რომელიც უკრაინის კუთვნილებაზე მიუთითებს.  

თუმცა სოხუმის აეროპორტს მსგავსი კოდი არ გააჩნია და იქ ფრენას მხოლოდ რუსული ავიაკომპანიები შეძლებენ, ყოველ შემთხვევაში - მანამდე , სანამ თბილისი სხვაგვარად არ გადაწყვეტს. ეს კი, დამკვირვებლების აზრით, იმას ნიშნავს, რომ მიიღო რა რუსეთისგან URAS კოდი, რომელიც იმიტირებს, მაგრამ არ წარმოადგენს აეროპორტის საერთაშორისო ინდექსს, სოხუმის აეროპორტი შევა იმ რიგითი რუსული აეროპორტების მწკრივში, რომელთაც საერთაშორისო სტატუსი ასევე არ გააჩნიათ და ამიტომაც მხოლოდ და მხოლოდ რუსული იურისდიქციის ფარგლებში მოქმედებენ.

ანუ, ამიერიდან გასაღები აფხაზეთის საჰაერო კარიბჭისგან მხოლოდ რუსი ჩინოსნების ხელში იქნება.

ამას თავად აფხაზური საზოგადოებაც არაერთგვაროვნად შეხვდა. გაჩნდა, კერძოდ, კითხვები, როგორ აისახება ეს ყველაფერი “აფხაზეთის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტზე”.

როგორც ამასთან დაკავშირებით ორი დღის წინ დე ფაქტო მთავრობის სხდომაზე “პრეზიდენტმა” რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, “აეროპორტის აღდგენის საკითხი ყველა შემთხვევაში გადასაჭრელი იყო და თუ ვინმეს საქმისთვის თავის არიდება უნდა, ათას რამეს მოიმიზეზებს”:

“ყველას მინდა, შევახსენო, რომ რუსეთმა თავად გვაღიარა და მას შემდეგ ყველაფერს აკეთებს, რომ აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო, შედგეს – დაწყებული ფინანსური დახმარებით, დასრულებული პირობების შექმნით საიმისოდ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე მსგავსი  საწარმოები ამოქმედდეს. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, კერძოდ, იმაზე, როგორ ავაგებთ ურთიერთობებს და რამდენად დაჟინებულები ვიქნებით ამ საკითხებში. აქტიურობაა საჭირო და არა ერთმანეთისთვის ხელის შეშლა, წინაღობების შექმნა. მოვუწოდებ ყველას, ვინც ჩართულია ამ საკითხებში, გააცნობიეროს, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებშია, ჩვენი ხალხის ინტერესებში და შესაძლებლობას მოგვცემს, სულ სხვაგვარად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა”.

ცნობისთვის: “ბაბუშერას” რეკონსტუქციის მცდელობა დე ფაქტო ხელისუფლებას ადრეც არაერთგზის ჰქონია. კერძოდ, 2011 წლის ივლისში სოხუმმა რუსულ ავიაკომპანია «ნოვაპორტთან» გააფორმა  შეთანხმება თანამშრომლობის განზრახვის შესახებ. ინვესტორს აეროვაგზლის რეკონსტრუქცია უნდა განეხორციელებინა და იგი ხანგრძლივი დროით იჯარით  აეღო, თუმცა არაფერი გაკეთდა. 2014 წლის ნოემბერში გაფორმდა ახალი ხელშეკრულება რუსულ კომპანია «აეროპორტ დეველოფმენთთან». რუსულ კომპანიას უნდა აეღო პასუხისმგებლობა აეროპორტის კომპლექსის (ვაგზლის, სასტუმროების, მაღაზიების, რესტორნების) მშენებლობაზე, აფხაზურ დე ფაქტო მთავრობას კი - ინფრასტრუქტურაზე, კავშირგაბმულობის საშუალებებზე, ხელოვნურ საფარზე, ფრენების უსაფრთხოების უზრუნვეყოფაზე, ტრანსპორტსა და სპეციალისტების მომზადებაზე. თუმცა არც ეს განხორციელებულა და დღემდე აეროპორტი ოკუპირებული აფხაზეთის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზირებისთვის გამოიყენებოდა, რომელიც 5 მსუბუქი L-39-ისგან და 6 ვერტმფრენისგან შედგება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
პრეზიდენტი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას ქალიშვილთან ერთად დაესწრო