ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები განახლდა

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, მთის ფერდობზე არსებულ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, გამთენიისას მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმაც. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკასთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 30-მდე მეტყევე. 

„მთელი ღამის განმავლობაში, ადგილზე მიმდინარეობდა ტერიტორიის მონიტორინგი და პრევენციული ღონისძიებები. ამ დროისთვის ტყეში გაჩენილი ხანძრის ორივე კერა ლოკალიზებულია.  

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში, დაახლოებით, 3,5 ჰა შეადგინა. ამ ეტაპზე ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან ერთად, ცოცხალი ძალა ტერიტორიას ინტენსიურად ამუშავებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp