სოხუმი: „საქართველოში მიმდინარე წვრთნები რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ძირს უთხრის“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება „ღრმა შეშფოთებას“ გამოთქვამს საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” გამო და აცხადებს, რომ მსგავსი ნაბიჯები „საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას“.  

"აღნიშნული წვრთნები ნეგატიურ გავლენას ახდენს უკლებლივ ყველა მეზობელი ქვეყნის უსაფრთხოებაზე და მადასტაბილიზირებელი ხასიათი აქვს. საქართველო და მისი დასავლელი მფარველები კიდევ ერთხელ ახდენენ მილიტარიზაციის კურსის ღია მხარდაჭერას, რაც არ ჯდება რეგიონში ნდობის ზომების გამომუშავების ძალისხმევაში. მსგავსი დესტრუქციული პოლიტიკა პირდაპირ საფრთხეს უქმნის აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და არღვევს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფუძვლებს. საქართველოს მიერ ყველა პლატფორმაზე დეკლარირებული მზაობა დაძაბულობის დეესკალაციისათვის და სამხედრო საქმიანობის რისკების შემცირებისთვის დიდი ხანია, მოითხოვს პრაქტიკულ დადასტურებას.  თბილისის პარტნიორებს დიდი ხნის წინ უნდა ეღიარებინათ მსგავსი წვრთნების შეცდომითობა და შესაძლო ფეთქებადსაშიში შედეგები, ასევე გაეცნობიერებინათ, რომ მსგავსი ქმედებები აღვივებს ქართველი „ქორების“ რევანშისტულ განწყობებს და ცივილიზებული სახელმწიფოთაშორისი დიალოგის ჩამოყალიბების მცდელობებს ჩაშლის საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს, „დაძაბულობის მიზანმიმართული ესკალაციის“ საკითხი ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდის დღის წესრიგში დააყენოს. 

ცნობისთვის:  საქართველოში მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2019” უკვე მეცხრედ  ტარდება. 27 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით სწავლება სამ ლოკაციაზე - სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე მიმდინარეობს. 

წვრთნებში NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. წელს სწავლებაში 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

წლევანდელი სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლება, ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს. ასევე, მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარება ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის.  ამას გარდა, სწავლების მიზანია შავი ზღვის რეგიონში სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp