ლარის კურსი 31 ივლისს

ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას ინარჩუნებს. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა 31 ივლისის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც 1 დოლარის ღირებულება 2.9507 ლარია, ხოლო 1 ევროს 3.2889 ლარად შეიძენთ.

30 ივლისს ერთი ამერიკული დოლარი 2.9346 ლარი ღირდა, ევრო – 3.2642, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6166 ლარი.

ეროვნული ბანკი საგარეო ფაქტორებზე ამახვილებს ყურადღებას და ამ ეტაპზე პროცესებში ჩარებას არ გეგმავს. 

ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, ლარი არის თინეიჯერი, რომელსაც  ბაზარი თვითონ არეგულირებს.

“ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ, თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს. იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს აისახება ლარზე“, აცხადებს ალავიძე. 

მისივე განმარტებით, ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა და საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება:

„დარწმუნებული ვარ, ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება”, - აცხადებს ალავიძე.

ეკონომიკის ექსპერტები კი ფასების მასშტაბური ზრდის მოლოდინში არიან. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp