ბუჭულაძე ხაზარაძესა და ჯაფარიძეს მხარდაჭერას უცხადებს

მომღერალი პაატა ბურჭულაძე TBC–ს დამფუძნებლებს ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს სოლიდარობას უცხადებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ბიზნესმენებს მიმართა. 

„ჩემო მამუკა და ბადრი, გუშინ მოვისმინე თუ რა რეპუტაციული და ფინანსური ზიანი მიადგა „თიბისი“ ბანკს, თითქმის მილიარდი ლარით უზარალია ქართულ კომპანიებს… რა დავალებასაც არ უნდა იღებდეს საქართველოს პროკურატურა, თითოეულ მათგანს, ვინც ამ მავნებლობას სჩადის როგორ არ უნდა ესმოდეს, რომ შავი პიარისთვის დაგეგმილი ყოველი მათი ბრიფინგი, რომლითაც მხოლოდ იმ ერთ კაცს ფხანენ გულს, ქვეყნის ინსტიტუციებს ანგრევს! როგორ არ უნდა ესმოდეთ, რომ ეს არავის შერჩება და პასუხი აუცილებლად მოეთხოვებათ გამიზნულ ბოროტებაზე.

სიცრუისა და ცილისწამების სიმწარე ერთ-ერთმა პირველმა მე გამოვცადე, როცა უპოვარი ბავშვების შესაწირი ყულაბებიდან ხურდა ფულის მოპარვა დამაბრალეს, მეტი დამაჯერებლობისთვის კი საქმეში პროკურატურა ჩართეს. და როდესაც ნახეს, რომ მე კვლავ წარმატებით ვაგრძელებდი ჩემს კარიერას, უცხოეთის თეატრებში ჩამორეკეს და შეატყობინეს, რომ თურმე 7-დან 11 წლამდე პატიმრობა მემუქრებოდა, უკვე ორი წელი გადის და პროკურატურამ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ წარმოადგა „იავნანას“ წინააღმდეგ, თუმცა მორალურად და მატერიალურად მოსპო ფონდი.

ვერც კი წარმომიდგენია, ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა, რომ სერიალები გადაიღო და უზღვავი ფული დახარჯო ცნობილი და მთელი მსოფლიოსთვის პატივსაცემი ქართველებისა და მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციების რეპუტაციის გასანადგურებლად.

დღეს მე მრცხვენია ჩემი კოლეგების, მსოფლიო დონის ვარსკვლავების, ვის კალენდარშიც წლებით ადრეა ყველა დღე გაწერილი, მაგრამ მეგობრობის პატივსაცემად მაინც პოულობდნენ დროს და ყოველგვარი ჰონორარის გარეშე ჩამოდიოდნენ საქართველოში ბავშვების დასახმარებლად. მრცხვენია, რომ მავნებელი ოლიგარქისგან დასაცავად ავსტრიის მხარდაჭერა და უცხოელი ადვოკატების თანადგომა დამჭირდა. მრცხვენია, რომ საქართველოში ამდენ ადამიანს უჭირს და ფაქტიურად, ბოლომდე გაანადგურეს ქველმოქმედების იდეა, ყველას და ყველაფრის მიმართ გააჩინეს უნდობლობა და ეჭვი.

ჩვენ რომ მოვლენებზე სწორი და დროული რეაგირება შეგვეძლოს მჯერა, რომ ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაბედავდა ამდენს. ახლა ხომ მაინც ცხადად გამოჩნდა ყველაფერი, ახლა ხომ მაინც აღარ არსებობს კითხვის ნიშნები, ახლა ხომ მაინც ყველა ვხედავთ, რომ დიდი ფული იხარჯება ტროლურ კამპანიებში და მოქალაქეთა შორის ხელოვნური დაპირისპირების, სიძულვილის გაღვივებაში.

ოლიგარქისთვის მთავარ საშიშროებას წარმოადგენს ყოველი ახალი ძალა, მამუკა ხაზარაძის მოძრაობა იქნება ეს თუ პარლამენტის წინ შეუპოვრად მებრძოლი ახალგაზრდების გაერთიანება. საკუთარი მილიარდების გადასარჩენად ის ყველაფერზე მიდის და ამ დროს, მას ავიწყდება მთავარი, ქართველს ჩაგვრით ვერავინ დააშინებს, ის მხოლოდ მცირე დროით შეიძლება შეაფერხო საბოლოო გამარჯვებამდე!

ჩემო მამუკა, ვამაყობ შენით, ვამაყობ ჩვენი მებრძოლი ახალგაზრდებით, რომლებიც ამდენი ზეწოლის მიუხედავად, ვნახეთ რომ ვერც შეაშინეს და ვერც დაღალეს. თქვენს გვერდით მიგულეთ და ყველა იმ პატრიოტი ქართველის გვერდით, ვისი მიზანიც იქნება ქვეყნის განთავისუფლება ივანიშვილის მმართველობისგან.

დარწმუნებული ვარ, საქართველო ისეთივე თავისუფალი და წარმატებული იქნება, როგორც ჩვენი დიტო რაზმაძე, რომელმაც შენი, ფონდ „იავნანას“ და კარგი ადამიანების თანადგომით, ყველა სირთულე დასძლია და ჭრილობებისა და ტკივილების მიუხედავად, 18 წლის საამაყო და სამაგალითო კაცი გახდა“, – წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში. 

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენებს ბრალი ფულის გათეთრებაში დასდეს. ამ დროისთვის მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული და ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების ნებართვის გარეშე ეკრძალებათ. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp