ქალაქ ქუთაისში 10 ქუჩა რეაბილიტირდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით,  ქ. ქუთაისში 10 ქუჩის რეაბილიტაციას განახორციელებს. 

ამ დროისთვის, ხუთი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები ხორციელდება ჯავახიშვილის 1.4 კმ-იან, შარტავას 0.3 კმ-იან, ბუხაიძის 0.7 კმ-იან, ნინოშვილის 1.3 კმ-იან და გუგუნავას 1.9 კმ-იან ქუჩებზე. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 9 474 400 ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და ქ. ქუთაისის მერი  გიორგი ჭიღვარია ადგილზე გაეცნენ.

მიმდინარე წელსვე სამუშაოების დაწყება დაგეგმილია დამატებით 5 ქუჩაზე: აღამაშენებლის 3 კმ-იან, წერეთლის 2.8 კმ-იან, თავისუფლების 1.5 კმ-იან, საიათნოვას 0.3 კმ-იან და ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელ  2.7 კმ-იან ქუჩებზე. დაგეგმილი პროექტების  სავარაუდო ჯამური ღირებულება 18 მილიონი ლარია.

ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები,  ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, არსებული პრობლემები მოგვარდება, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზებით შეეძლებათ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp