თაღლითობისთვის პასუხისგებაში რვა პირი მისცეს

სამართალდამცველებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს და პასუხისგებაში რვა პირი მისცეს, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დაკავეს,– იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. 

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები დაამზადეს და ე.წ. ცრუ მოწმეების მიერ დამოწმებული განცხადებები, რომლის საფუძველზეც, ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება მცხეთის რაიონის სოფელ მსხალდიდში მდებარე - სახელმწიფოს კუთვნილ 37 877 ლარის ღირებულების 2 265 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა დაირეგისტრირა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე 133 965 ლარის ღირებულების 6 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთს დაედო ყადაღა, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 6-დან 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp